ოკლაჰომამ პორტლენდში მოიგო, მილუოკის იოლი გამარჯვება ინდიანასთან
13:05, 08.03.2019
ორი მატჩი გაიმართა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარულ სეზონში. დასავლეთ კონფერენციაში, მესამე და მეოთხე ადგილზე მყოფი გუნდების, პორტლენდ „ტრეილ ბლეიზერსის“ და ოკლაჰომა „სითი თანდერის“ შეხვედრა, როგორც მოსალოდნელი იყო, დაძაბული და საინტერესო გამოვიდა. ეს გუნდები პლეიოფში მოხვედრას მაღალი ადგილიდან ცდილობენ. თეორიულად, ორივე კლუბს აქვს რეგულარული სეზონის მოგების შანსი. თამაშის ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა (113:113) ოვერტაიმში კი სტუმრებს უფრო მეტი ძალა შერჩათ და ანგარიშით 129:121 მოიგეს. კვლავ გამოირჩა „სითი თანდერის“ ლიდერთა დუეტი: ვესტბრუკმა 37 ქულა გააკეთა, ხოლო პოლ ჯორჯის მონაგარმა, 32 ქულა და 14 მოხსნა შეადგინა. პორტლენდში მიმდინარე სეზონის საუკეთესო თამაში ჩაატარა დემიენ ლილიარდმა, რომლის ანგარიშზე 51 ქულა დაფიქსირდა. ამ შედეგის შემდეგ, ოკლაჰომა მესამე ადგილზე იმყოფება და ლიდერ გოლდენ სტეიტ „უორიორზს“ ოთხი მოგებით ჩამორჩება. პორტლენდი მეხუთე ადგილამდე დაქვეითდა.
მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა მილუოკი „ბაქსმა“. აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერმა, საკუთარ დარბაზში, მესამე ადგილზე მყოფი ინდიანა „პეისერსი“ ანგარიშით 117:98 დაამარცხა. იანის ანტეტუკონმპომ მორიგი ორმაგი დუბლი გაიფორმა. ბერძენმა ცენტრმა 29 ქულა და 12 მოხსნა გააკეთა. კრის მიდლტონის ანგარიშზე 27 ქულა დაფიქსირდა. სტუმართა შემადგენლობაში 22 ქულით და 17 მოხსნით მაილს ტერნერი გამოირჩა. მილუოკი „ბაქსს“ 49 მოგება და 16 წაგება აქვს და ამ შედეგით მთლიანად რეგულარული სეზონის საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. ინდიანა კი ჯერჯერობით მესამე პოზიციას ინარჩუნებს, თუმცა „პეისერსის“ გადასწრების შანსი ფილადელფიას და ბოსტონს აქვთ.