ოკლაჰომა ინდიანაში ბოლო წამებზე დამარცხდა, ლეიკერსმა ტორონტოში წააგო
13:16, 15.03.2019
საოცრად დაძაბული და საინტერესო გამოდგა, ინდიანას და ოკლაჰომას დაპირისპირება. ორივე გუნდი, საკუთარ კონფერენციებში, მაღალი ადგილებისთვის იბრძვის და პლეი-ოფის პირველ რაუნდში მოედნის უპირატესობის მოპოვებას ცდილობს.
ინდიანაპოლისში ჩატარებული თამაშის უდიდესი ნაწილი სტუმართა დომინაციით აღინიშნა, თუმცა „პეისერსმა“ ბოლომდე იბრძოლა და დასკვნითი წუთები მაღალ დონეზე ჩაატარა. გადამწყვეტი მომენტი 38 წამით ადრე პოლ ჯორჯის შეტევაში დაკარგვა აღმოჩნდა. მასპინძლებს წამით და რვა მეათედით ადრე გამარჯვების მომტანი ორქულიანი ვესლი მეტიუსმა მოუტანა, რომელმაც ბოიან ბოგდანოვიჩის აცილებული ბურთი შეტევაში მოხსნა და ჩააგდო. საბოლოო ანგარიში – 108-106 ინდიანას სასარგებლოდ. გამარჯვებულებს დომანტას საბონისმა ულიდერა 26 ქულით. 23 ქულა მოაგროვა ბოგდანოვიჩმა. ოკლაჰომას შემდაგენლობაში 36 ქულით საუკეთესო პოლ ჯორჯი გახლდათ. „პეისერსი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილს ინარჩუნებს. „სითი თანდერი“ დასავლეთში მეხუთე ადგილზეა და მომდევნო ტურში ლიდერ გოლდენ სტეიტ „უორიორზსს“ საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს.
ლოს ანჯელეს „ლეიკერსს“ წელს პლეი-ოფში მოხვედრის თითქმის აღარანაერი შანსი აღარ დარჩა. დიდი ალბათობით, ლებრონ ჯეიმსი სეზონს ნაადრევად დაასრულებს. კალიფორნიელებმა დღეს ტორონტოში წააგეს. „რეპტორზმა“ 111-98 გაიმარჯვა და აღმოსავლეთში მხოლოდ მილუოკი „ბაქსს“ ჩამორჩება. კანადურ გუნდს კავაი ლეონარდმა 25 ქულა შესძინა. სტუმართა შორის ლებრონ ჯეიმსის ანგარიშზე 29 ქულა დაფიქსირდა. „ლეიკერსი“ საპლეიოფო ზონას 8 მოგებით ჩამორჩება, რეგულარულის დასრულებამდე კი 14 ტურია დარჩენილი. მომდევნო შეხვედრას ლოს ანჯელესის კლუბი სტუმრად დეტროიტ „პისტონსის“ წინააღმდეგ გამართავს.