ოგე ჰარეიდე - საქართველოსთან გამარჯვებას ველოდი, მაგრამ გუნდმა მოლოდინს გადააჭარბა
დანიის ნაკრებმა ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში ჩატარებულ მესამე შეხვედრაში პირველი გამარჯვება იზეიმა. „თელია პარკენზე“ გუნდმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ანგარიშით 5:1 დაამარცხა.
დანიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ოგე ჰარეიდემ თამაში პრესკონფერენციაზე შეაფასა.
„შესარჩევ ციკლში დანიის პირველი გამარჯვებით ძალიან კმაყოფილი და გახარებული ვარ. სამი მატჩის შემდეგ სიმშვიდე დამეუფლა. საქართველოსთან გამარჯვებას ველოდი, მაგრამ დღეს გუნდმა ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა. ახალი არაფერი მოგვიგონებია და არც ახალი ფეხბურთელები ვათამაშეთ – შემადგენლობაში და შეცვლაზე ყველა მოთამაშეს კარგად ვიცნობდი. კარგი შეხვედრა ჩაატარა კასპერ დოლბერგმა, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში ორწლიანი პაუზის შემდეგ ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემაც გააკეთა. საერთოდ, საერთაშორისო მატჩებში ხუთი გოლი კარგი მაჩვენებელია. საქართველო კი ისეთი საშიში არ გამოდგა, როგორიც გვეგონა“, – ამბობს ოგე ჰარეიდე.