„ვალენსიამ“ ჯენარო გატუზო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა, – ამის შესახებ ესპანურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა.
იტალიელი სპეციალისტი „ღამურების“ მთავარ მწვრთნელად 2022 წლის ზაფხულში დაინიშნა და მას შემდეგ 22 მატჩი ჩაატარა. გატუზოს გუნდმა 7 შეხვედრა მოიგო, 5 ფრედ დაასრულა, 10-ში კი დამარცხდა.
45 წლის მთავარი მწვრთნელი ბოლოს „ვალიადოლიდთან“ სტუმრად 0:1 დამარცხდა, მანამდე კი „მესტალიაზე“ „ბილბაოსთან“ შეხვედრა 1:3 დათმო.
ჯერჯერობით, უცნობია ვინ დაინიშნება გიორგი მამარდაშვილის გუნდის მთავარ მწვრთნელად, მაგრამ დროებით კლუბს ვორო (სალვადორ გონსალეს მარკო) უხელმძღვანელებს.
„ვალენსია“ 19 ტურის შემდეგ, მე-14 ადგილზეა და გასავარდნ ზონამდე 1 ქულა აშორებს.