ოფიციალურად - „სევილიამ“ მთავარი მწვრთნელი დიეგო ალონსო თანამდებობიდან გაათავისუფლა #1TVSPORT
ესპანური „სევილიას“ ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კლუბმა მთავარი მწვრთნელი ურუგვაელი დიეგო ალონსო დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ევროპის ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა მიმდინარე სეზონის დაწყებიდან მალავე ხოსე ლუის მენდილიბარი გაუშვა მწვრთნელის პოსტიდან და დიეგო ალონსომაც „სევილია“ სწორედ მაშინ ჩაიბარა.
გუნდმა ურუგვაელის ხელმძღვანელობით ლა ლიგაში რვა თამაში ჩაატარა, საიდანაც სამი წააგო და ხუთი ფრედ დაასრულა, ასევე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა.
48 წლის ალონსომ გუნდს ერთადერთი გამარჯვება ესპანეთის სამეფო თასზე დაბალი დივიზიონის გუნდ „ასტორგასთან“ მოუტანა. ლა ლიგაში „სევილია“ ამჟამად 13 ქულით მე-17 ადგილზეა.