იტალიის სერია A-მ ოფიციალურად დაადასტურა 2019-20 წლების სეზონის განახლების თარიღი.
ჩემპიონატის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულია განცხადება, რომელშიც წერია, რომ დირექტორთა საბჭომ მოიწონა გადაწყვეტილება, რომელიც 13 მაისს აქციონერთა კრებაზე მიიღეს. შესაბამისად, სერია A 13 ივნისს დაბრუნდება, როგორც ადრე იყო დაანონსებული. ის, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ 14 ივნისამდე აკრძალა სპორტული ღონისძიებების ჩატარება, როგორც ჩანს, სერია A-ს დაბრუნებას ხელს არ შეუშლის.
გადაწყვეტილება საბოლოოდ უნდა დადასტურდეს 28 მაისს, როცა გაიმართება საორგანიზაციო შეხვედრა სპორტის მინისტრთან.
სერია A-ში ჩასატარებელი რჩება 12 ტური. ლიდერობს „იუვენტუსი”, რომელიც ერთი ქულით უსწრებს „ლაციოს“.