„პარი სენ-ჟერმენმა“ ოფიციალურად გამოაცხადა „რომადან“ იტალიის ნაკრების მცველის ალესანდრო ფლორენცის აყვანის შესახებ.
მხარეებმა საიჯარო ხელშეკრულება 2021 წლის 30 ივნისამდე გააფორმეს, გაისად კი შესაძლებელი იქნება ფეხბურთელის გამოსყიდვა.
„ძალიან ამაყი და მოხარული ვარ „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლით. დღეს ის არის ერთ-ერთი უმსხვილესი კლუბი ევროპაში, რომელმაც თავის სტატუსი ჩემპიონთა ლიგის ბოლო გათამაშებაში დაამტკიცა. შევეცდები ყველაფერი გავიღო მისთვის და მისი გულშემატკივრებისთვის. ახალ სეზონში გუნდის წინაშე დიდი ამოცანები დგას. ჩემთვის დიდი სიამოვნება და პატივი იქნება – გავუმკლავდე ამ ამოცანებს ახალ თანაგუნდელებთან, რომლებიც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებში შედიან“, – მოჰყავს ფლორენცის სიტყვები პსჟ-ის ოფიციალურ გვერდს.
პრესის მონაცემებით, ფლორენცის იჯარა პსჟ-ს 500 ათასი ევრო დაუჯდება. გამოსასყიდი თანხა კი ცხრა მილიონ ევროს გაუტოლდება.
2019-20 წლების სეზონი ფლორენციმ „რომაში“ დაიწყო, მაგრამ იჯარით „ვალენსიაში“ გააგრძელა. საკლუბო დონეზე მან 32 მატჩი ჩაატარა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.