“დორტმუნდის” ფორვარდი პიერ-ემერიკ ობამეიანგი “არსენალში” გადავიდა სათამაშოდ, – ამის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა ლონდონური კლუბის პრეს-სამსახურმა.
“არსენალმა” გაბონელ ფეხბურთელში 63 მილიონი ევრო გადაიხადა. ამით, ობამეიანგი ინგლისური კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა. ამ რეკორდს ფრანგი ფორვარდი ალექსანდრ ლაკაზეტი ფლობდა, რომელიც “არსენალმა” გასული წლის ზაფხულში 53 მილიონ ევროდ შეიძინა.
28 წლის ობამეიანგმა მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა “არსენალთან”. ჯერჯერობით უცნობია, რომელი ნომრით ითამაშებს ფორვარდი ახალ კლუბში.
წლევანდელ სეზონში ობამეიანგმა ყველა ტურნირზე 24 მატჩი ჩაატარა, 21 გოლი გაიტანა და სამი საგოლე პასი შეასრულა.