ოფიციალურად - ლორიამ „ანორთოსისთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე გაახანგრძლივა [ვიდეო] #1TVSPORT
50 დღეზე ნაკლები გავიდა მას შემდეგ, რაც გიორგი ლორიამ „ანორთოსისთან“ კონტრაქტის გახანგრძლივების სურვილი დაადასტურა. კლუბის ადმინისტრაციამ საქართველოს ნაკრების მეკარის სურვილი დააკმაყოფილა და გამოაცხადა, რომ 36 წლის კიპერთან კონტრაქტი 2024 წლამდე გაახანგრძლივა.
„გიორგი ლორია „მორიელი“ (ლორიას ზედმეტსახელია კვიპროსში) გუნდში რჩება! ფამაგუსტას „ანორთოსისი“ აცხადებს თანამშრომლობის განახლებას გიორგი ლორიასთან – საქართველოს ნაკრების მეკარე 2024 წლის ზაფხულამდე დარჩება. ამგვარად, ლორია ჩვენს გუნდში ჯამში ხუთ წელს გაატარებს“, – წერია ფამაგუსტას კლუბის განცხადებაში.
გამოცემა „სპორტ ტაიმი“ წერს.
„ლორია „ანორთოსისს“ 2019 წლის ზაფხულში შეუერთდა, წელს ის გუნდში მე-3 სეზონს ატარებს, ფამაგუსტელების კარში სანდო მეკარეა და გუნდის ადმინისტრაციამ უყოყმანოდ გამოაცხადა მხარეებს შორის თანამშრომლობის გახანგრძლივება. ეს არის ის, რაც ლორიას ძალიან სურდა, რადგან მან კვიპროსში დარჩენა გადაწყვიტა და მით უმეტეს მის საყვარელ გუნდში. გიორგი ფამაგუსტას გუნდში თავს ისე გრძნობდა, როგორც საკუთარ სახლში, ეს მან კვიპროსულ ტელევიზიაში სტუმრობისას განაცხადა და ადმინისტრაციას მიანიშნა, მათ კი 36 წლის მეკარის სიტყვები პრაქტიკაში გამოიყენეს“.