ჯაბა კანკავას კოსტანაის “ტობოლში” ჩარიცხვა ოფიციალურად დადასტურა. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი ახალი სეზონიდან ყაზახეთში ითამაშებს.
კანკავა “ტობოლში” რომ გადადიოდა, ეს ინფორმაცია ერთი თვის წინ გავრცელდა. ჯაბა ასტანაში 19 ნოემბერს ჩაფრინდა, „ტობოლის“ ხელმძღვანელობას შეხვდა და მოლაპარაკება წარმატებით დაასრულა. თუმცა, მას არც ფეხბურთელი და არც კლუბი ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებდნენ. ახლა კი ტრანსფერი “ტობოლის” დირექტორმა, ნიკოლაი პანინმა კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუში დაადასტურა.
“ჩვენ მოვახერხეთ ძირითადი ბირთვის შენარჩუნება და 4 ახალი ფეხბურთელის დამატება. ჩვენ მათთან უკვე გავაფორმეთ ხელშეკრულებები, მათ შორის, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ ჯაბა კანკავასთან” – ამბობს ნიკოლაი პანინი.
ჯაბა კანკავა თამაშობდა თბილისის “დინამოში”, ვლადიკავკაზის “ალანიაში”, კიევის “არსენალში”, “დნიპროსა” და კრივოი როგის “კრივბასში” და ევროპის ლიგის 2015 წლის ფინალში უთამაშია, 31 წლის ნახევარმცველმა საქართველოს ნაკრებში კი 70 მატჩში 7 გოლი გაიტანა. 2017 წლის ზაფხულში ფრანგულ “რეიმსიდან” წამოვიდა და მას შემდეგ თავისუფალი აგენტი იყო.
“ტობოლმა” 2017 წლის სეზონში ყაზახეთის ჩემპიონატში მე-5 ადგილი დაიკავა და 1 ქულა დააკლდა, ევროპის ლიგაზე რომ გასულიყო. გუნდს 2016-2017 წლებში რუსეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, საქართველოში გაზრდილი ომარ თეთრაძე წვრთნიდა. ამჟამად კი, “ტობოლის” ერთ-ერთი ლიდერი საქართველოს ნაკრებში კანკავას პარტნიორი ნიკა კვეკვესკირი არის.