ოფიციალურად - გიორგი გოჩოლეიშვილი „კოპენჰაგენის“ ფეხბურთელია #1TVSPORT
გიორგი გოჩოლეიშვილი დონეცკის „შახტარიდან“ „კოპენჰაგენში“ გადავიდა, – ინფორმაციას დანიის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„საქართველოს ნაკრების მცველი „კოპენჰაგენს“ შეუერთდა. გიორგი გოჩოლეიშვილი დონეცკის „შახტარიდან“ სეზონის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში ჩვენთან იჯარით ითამაშებს, „კოპენჰაგენმა“ კი ქართველი მოთამაშის ტრანსფერის გამოსყიდვის უფლება მიიღო.
გიორგი მარჯვენა მცველია. უკრაინის ჩემპიონის შემადგენლობაში 37 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ხოლო საქართველოს ნაკრებში რვა მატჩი ჩაატარა“, – წერია კლუბის განცხადებაში.
ტრანსფერზე კომენტარი „კოპენჰაგენის“ სპორტულმა დირექტორმა, სუნე სმიტნიელსენმა გააკეთა.
„ჩვენ დავიმატეთ ძალიან გამოცდილი ფეხბურთელი, რომელსაც დიდი ხანია, ვაკვირდებოდით. გიორგი მაღალი დონის მოთამაშეა. იყო საქართველოს ნაკრების წევრი ევრო 2024-ზე ამ გუნდის შთამბეჭდავი გამოსვლის დროს.
ელიას იელერტის წასვლის შემდეგ მარჯვენა მცველის პოზიციაზე კონკურენციის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ეს ტრანსფერი ამაში დაგვეხმარება“, – ამბობს „კოპენჰაგენის“ სპორტული დირექტორი.