ოფიციალურად - დარასელიამ „სიონი“ დატოვა, ახალი მწვრთნელი სოსიაშვილია #1TVSPORT
ბოლნისის „სიონი“ პირველი გუნდია, სადაც მიმდინარე სეზონში სამწვრთნელო ცვლილება მოხდა. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე „სიონის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი გიორგი დარასელიამ დატოვა, რომელსაც შემცვლელი უკვე მოუძებნეს. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური გვერდი იუწყება.
შეგახსენებთ, დარასელია „სიონს“ სათავეში, გასული სეზონის ზაფხულში ჩაუდგა. მისი ხელმძღვანელობით, ბოლნისური კლუბი ეროვნული ლიგა 2-ის გამარჯვებული გახდა და „სიონი“ ეროვნულ ლიგაში დააბრუნა. თუმცა ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ სამ ტურში „სიონმა“ წარმატება ვერ მოიპოვა – გუნდს არც ქულა აქვს და გოლიც არ გაუტანია. ამის გამო სპეციალისტმა წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, კლუბის ხელმძღვანელობა დასთანხმდა.
დარასელიას ნაცვლად „სიონს“ ახალგაზრდა სპეციალისტი უჩა სოსიაშვილი გაწვრთნის, რომელსაც რამდენიმე ქართულ კლუბში მუშაობის გამოცდილება გააჩნია. ყველაზე წარმატებული პერიოდი გორის „დილაში“ ჰქონდა, რომელიც 2014-2015 წლების სეზონში საქართველოს ჩემპიონი გახადა, ბოლოს კი წყალტუბოს „სამგურალს“ ავარჯიშებდა.
სოსიაშვილის ხელმძღვანელობით გუნდმა პირველი ვარჯიში გამართა და ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრისთვის მზადება დაიწყო. „სიონი“ ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე წყალტუბოს „სამგურალის“ წინააღმდეგ 14 მარტს ითამაშებს.