ოფიციალურად დადასტურდა - რაგბიში 2020 წლის 20-წლამდელთა მსოფლიოს თასი არ ჩატარდება
საქართველოს რაგბის კავშირმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ რაგბიში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი წელს გაუქმებულია. გადაწყვეტილება მსოფლიო რაგბიმ კორონავირუსის გამო, ორგანიზაციის ყველა წევრ ფედერაციასთან მოლაპარაკებების შედეგად მიიღო.
ტურნირი 2020 წლის ზაფხულში იტალიაში უნდა ჩატარებულიყო, რის გამოც მსოფლიო რაგბი აღნიშNულ გადაწყვეტილებამდე იტალიის რაგბის კავშირთან და ტურნირის ორგანიზატორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. ასევე განიხილებოდა მსოფლიო თასის სხვა ქვეყანაში გადატანის შესაძლებლობაც, მაგრამ როგორც ირკვევა მთელი მსოფლიოს მასშტაბით შექმნილი სიტუაციის გამო ორგანიზაციული საკითხების დროულად მოგვარება ვერ მოხეხდებოდა.
მოგეხსენებათ 2020 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო თასზე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ზედიზედ მეხუთედ უნდა ეთამაშა. ილია მაისურაძის გაწვრთნილი გუნდი „ბე“ ჯგუფში ავსტტრალიის, უელსის და ახალი ზელანდიის ნაკრებების წინააღმდეგ უნდა ეთამაშა. „ა“ ჯგუფში-საფრანგეთი, არგენტინა, ირლანდია და იაპონია, „გ“ჯგუფში კი სამხრეთ აფრიკა, ინგლისი, იტალია და ფიჯი.
კორონავირუსის გამო მსოფლიო რაგბის მიერ ორგანიზებული რამდენიმე ტურნირი ამ დროისთვის გაურკვეველი ვადით გადადებულია.
ბილ ბომონტი (მსოფლიო რაგბის თავმჯდომარე) – „ მსოფლიოსთვის ამ ურთულეს სიტუაციაში, სოლიდარობას ვუცხადებთ, ჩვენს დიდ სარაგბო ოჯახს და მთელი მსოფლიოს მოსახელობას. გავაკეთებთ მაქსიმუმს, რათა შევინარჩუნოთ გლობალური სარაგბო ოჯახის კეთილდღეობა. მსოფლიო ჯანდაცვის ორაგნიზაციის რეკომენდაციით ვიღებთ გადაწყვეტილებას ტურნირების და მატჩების გადადების, ან შეჩერების გადაწყვეტილებას, რათა შევამციროთ ვირუსის გავრცელების შესაძლებლობა. ადამიანების ჯანმრთელობა უპირველესია, რამაც ჩვენ წევრ ფედერაციებთან კონსულტაციის შემდეგ, მსოფლიო რაგბის მიერ ორგანიზებული ტურნირების დაუყოვნებლივ შეჩერების გადაწყვეტილების მიღება გაგვიადვილდა.“