თემურ ჩოგაძე ყარაგანდის „შახტარის“ ფეხბურთელია – „გაგრას“ ყოფილი შემტევი ნახევარცველის ტარნსფერზე ინფორმაციას ყაზახური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„ყარაგანდის „შახტარმა“ ქართველ გარემარბ თემურ ჩოგაძესთან კონტრაქტი გააფორმა. ქართველი გარემარბი ჩვენი გუნდის შემადგენლობაში მე-6 ნომრით ითამაშებს. მოგესალმებით, თემურ!“, – წერია კლუბის გავრცელებულ ცნობაში.
ჩოგაძე „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია, სადაც ხელი მოაწერა პირველ პროფესიულ კონტრაქტს და კარიერა დაიწყო. მოგვიანებით ითამაშა ბათუმის „დინამოში“, ქუთაისის „ტორპედოში“, „რუსთავში“, „თელავში“. ასეევ უთამაშია უკრაინულ კლუბებში – დონეცკის „ოლიმპიკში“ და „ინგულეცში”.
თემურ ჩოგაძის ბოლო კლუბი ეროვნული ლიგის წარმომადგენელი „გაგრა“ იყო, რომელიც მეორე წრის დასრულების შემდეგ დატოვა. 24 წლის ფეხბურთელი იყო საქართველოს 19 და 21-წლამდელთა ნაკრებების წევრი.
ახალ გუნდში ჩოგაძის თანაგუნდელი მიკოლა კოვტალიუკი იქნება, რომელიც ყარაგანდის „შახტარში“ გადასვლამდე გორის „დილას“ ღირსებას იცავდა.