ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველომ შოტლანდიაც დაამარცხა (ვიდეო)
ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა წარმატებული გამოსვლა გამარჯვებით დაასრულა.
ტურნირის მე-5 შეხვედრაში ახალგაზრდა „ბორჯღალოსნები“ შოტლანდიას დაუპირისპირდნენ და მეტოქე 8 ქულიანი სხვაობით, 31:39 დაამარცხეს.
მატჩის პირველ წუთებში გუნდებმა თითო ლელო გაცვალეს. მე-3 წუთზე ლელო მოლის შემდეგ ჯაფარიძემ დადო, ხოლო მე-8 წუთზე იმავე ილეთით შოტლანდიელებს ხუთი ქულა სმიტმა მოუტანა. შოტლანდიელები წინ მალევე ტროტერის ლელოთი გავიდნენ. ლომიძემ ერთი-ერთზე შოტლანდიელების ფრთა ვერ შებოჭა და ბრიტანელები შვიდი ქულით დაწინაურდნენ.
„ბორჯღალოსნებმა“ ანგარიში 22-ე წუთზე შესანიშნავად გათამაშებული ლელოთი გაათანაბრეს. ხანგრძლივი კომბინაციის შემდეგ ფრთაზე პასი მარჯანიშვილმა მიიღო, რომელმაც სისწრაფე აკრიფა და ბურთი კიდესთან დაამიწა. პირველი ნახევრის 34-ე წუთზე შოტლანდია საკუთარ ხუთ მეტრიან ზონაში დაჯარიმდა, აფრასიძემ სწრაფად გაათამაშა და აბჟანდაძეს მიაწოდა, რომელსაც პასი ტროტერმა ჩაუჭრა, 90 მეტრი ირბინა და დუბლი გაიფორმა. პირველი ტაიმის ანგარიში – საქართველო 12:19 შოტლანდია.
დაპირისპირების მეორე ტაიმის პირველი ნახევარი საათი საქართველოს ნაკრების სრული უპირატესობით წარიმართა. ახალგაზრდა „ბორჯღალოსნებმა“ ანგარიში 43-ე წუთზე გოგოლაშვილის ლელოთი გაათანაბრეს. ხუთ წუთში აბჟანდაძემ 50 მეტრიდან საჯარიმო გაიტანა და საქართველო სამი ქულით დააწინაურა. 56-ე წუთზე ხანგრძლივი შეტევა ლელოთი გოგიჩაშვილმა დაასრულა და „ბორჯღალოსნებს“ კომფორტული – 10 ქულიანი უპირატესობა მოუტანა.
64-ე წუთზე ხაზზე შესანიშნავად გათამაშებული ბურთის შემდეგ მარჯანიშვილმა დუბლი გაიფორმა. აბჟანდაძემ, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო, გარდასახვა კვლავ ზუსტად დაარტყა – 36:19. სამ წუთში ხაზი ჯალაღონიამ გაჭრა, რომელმაც ზედ ლელოს ხაზთან ბურთი მარჯანიშვილს ამოუგდო, რომელიც ჰეთთრიკთან იყო ახლოს, თუმცა ბურთი ვერ შეიმაგრა და შოტლანდიელები გადარჩნენ.
71-ე წუთზე კალმახელიძე მაღალი ბოჭვის გამო გააძევეს, რასაც ერთ წუთში შოტლანდიელთა ლელო მოჰყვა. კაცნაკლულ მეტოქეს შოტლანდიამ კიდევ ერთი ლელო 75-ე წუთზე, მოლით დაუდო და თამაშს ინტრიგა დაუბრუნა.
თამაშის ბოლო წუთებში საქართველომ მეტოქის ნახევარზე ბურთი მოიპოვა, შოტლანდიელები დაჯარიმდნენ და აბჟანდაძემ გუნდს მორიგი სამი ქულა მოუტანა. საბოლოო ანგარიში – საქართველო 39:31 შოტლანდია.
ახალგაზრდა „ბორჯღალოსნებმა“ ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ხუთიდან სამი მატჩი მოიგეს და მე-9 ადგილი დაიკავეს.