ოცწლამდე ასაკის „ბორჯღალოსნები“ ახალ ზელანდიასთან დამარცხდნენ - 13:45
არგენტინაში ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო. ტურნირის პირველ დღეს ახალგაზრდა „ბორჯღალოსნების“ მეტოქე ახალი ზელანდიის ნაკრები, იგივე „ბეიბი ბლექს“ იყო. ქართველმა ოცწლამდელებმა 2016 წლის სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატიც ახალ ზელანდიასთან მატჩით გახსნეს და მაშინ ძლიერ მეტოქესთან ანგარიშით 55:0 დამარცხდნენ.
ამჯერად ანგარიში თედო აბჟანდაძემ საჯარიმო დარტყმით გახსნა. ახალი ზელანდია გაშვებული ქულების შემდეგ გააქტიურდა და მეტოქეს ორი ლელო დაუდო, თუმცა „ბორჯღალოსნები“ არ მოდუნდნენ და შავების ნახევარზე დამკვიდრდნენ. ახალზელანდიელები ლელოს ხაზზე თავს კარგად იცავდნენ, ქართველების შეტევა ჯარიმით მოიგერიეს და აბჟანდაძემ მეორედაც ზუსტად დაარტყა – 6:12.
დასკვნით 10 წუთში უპირატესობა კვლავ „ბეიბი ბლექსმა“ მოიპოვა და 36 წუთზე გუნდის შუამარბმა დალას მაკლეოდმა ლელო დაამიწა. 38-ე წუთზე ჭიჭინაძემ შესანიშნავად მოხსნა ჰაერიდან ბურთი, გაჭრა მეტოქის ხაზი და ბურთი თაფლაძეს გადააწოდა, რომელსაც ლელოს დადებამდე ძალიან ცოტა დააკლდა. საბოლოო ჯამში, მატჩის პირველი ტაიმი ახალგაზრდა „ბორჯღალოსნებმა“ ანგარიშით 19:6 დათმეს.
მეორე ტაიმი „ბორჯღალოსნებმა“ კარგად დაიწყეს. 44-ე წუთზე ქართველთა პირველი ლელო ჯინჭარაძემ დადო და ანგარიშში სხვაობა 6 ქულამდე შეამცირა – 13:19. როგორც პირველ ნახევარში, ახალზელანდიელები ამჯერადაც გაშვებული ქულების შემდეგ გააქტიურდნენ და მეტოქეს ოთხი უპასუხო ლელო დაუდეს. ლელოს დადების შანსები ქართველებსაც ჰქონდათ, თუმცა რიგ ეპიზოდებში შეტევის ბოლო ფაზაში ცდებოდნენ. საბოლოო ანგარიში – საქართველო 13:38 ახალი ზელანდია.