ლონდონში, „უემბლის“ სტადიონზე ინგლისის თასის ფინალი გაიმართა, რომელშიც „არსენალმა“ 2:1 დაამარცხა თანაქალაქელი „ჩელსი“.
მეხუთე წუთზე ანგარიში „ჩელსის“ ამერიკელმა შემტევმა, კრისტიან პულიშიჩმა გახსნა, რომელმაც ოლივიე ჟირუს პასი გამოიყენა, მაგრამ ამის შემდეგ, ფრენკ ლემპარდის გუნდის საქმეები ცუდად წავიდა.
„არსენალის“ ფორვარდმა, პიერ-ემერიკ ობამეიანგმა 28-ე წუთზე პენალტით ანგარიში გაათანაბრა, ტრავმები მიიღეს და თამაში ვეღარ გააგრძელეს ასპილიკუეტამ და პულიშიჩმა, ხოლო 67-ე წუთზე ობამეიანგმა დუბლი შეასრულა და „არსენალი“ წინ გაიყვანა. 73-ე წუთზე „ჩელსი“ 10 კაცით დარჩა მოედანზე – მეორე ყვითელი ბარათი მიიღო მატეი კოვაჩიჩმა.
„არსენალმა“ ბოლომდე შეინარჩუნა ერთბურთიანი უპირატესობა და თავის ისტორიაში მეთოთხმეტედ გახდა ინგლისის თასის მფლობელი. ეს იყო პირველი ტიტული, რომელიც ამ გუნდში მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ მოიპოვა. სხვათა შორის, ესპანელი ლონდონური კლუბის პირველი მწვრთნელია ბოლო 33 წელიწადში, ვინც „არსენალში“ სადეიბუტო სეზონში ტიტული მოიგო.
ამ მოგებით „არსენალმა“ ევროპის ლიგის საგზური მოიპოვა, თანაც პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე.
და კიდევ, თასის აღებით „არსენალმა“ ინგლისის სუპერთასზე თამაშის უფლება მიიღო – 29 აგვისტოს არტეტას გუნდი ქვეყნის ჩემპიონ „ლივერპულს“ შეხვდება. ამ მატჩით გაიხსნება ინგლისში 2020-21 წლების სეზონი.