numero diez - კვარაცხელია მარგალიტი იქნება „მილანისთვის“, რომლის მთავარი კონკურენტი „დორტმუნდია“ #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიასთვის რეალურად „მილანი“ იბრძვის, რომლის მთავარი კონკურენტი დორტმუნდის „ბორუსიაა“, – საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის შესახებ პორტალი numero diez წერს.
„კვარაცხელიას გვარი საუკეთესო ევროპული კლუბის სკაუტების ბლოკნოტებში უკვე ხშირად გვხვდება. შეიძლება ყაზანის „რუბინის“ ქართველი კიდევ ერთი მარგალიტი გახდეს „მილანში“, რომელმაც ბოლო სეზონებში აღმოაჩინა სალემარკერსი, ტომორი და ერნანდესი – მოთამაშეები, რომლებსაც კარგად არ იცნობდნენ, მაგრამ შესანიშნავი თვისებები გამოავლინეს. „როსონიერი“ კვარაცხელიათი პირველი დაინტერესდა, მაგრამ კონკურენტები არ აკლია, რაც იმის ნიშანია, რომ ეს ბიჭი ნამდვილად პერსპექტიულია. მას დრიბლინგის იშვიათი უნარი გააჩნია. თუ ამ მოხერხებულობას დავამატებთ სოლიდურ ფიზიკურ აღნაგობას (183 სმ), მიხვდებით, რომ ნამდვილი ტალანტია. კლუბების დიდი ინტერესი 31 მარტს ესპანეთთან გატანილმა გოლმა კიდევ უფრო გაზარდა“, – წერს numero diez.
ინტერნეტ-პორტალი ემიჯნება გავრცელებულ ცნობას, თითქოს, „მილანი“ შეძენის შემთხვევაში ქართველს იჯარით გაუშვებს: „იტალიურ გუნდებში ყველაზე აქტიური „მილანია“. კასტილეხო და ჩალჰანოღლუ კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებენ, რებიჩს კი ტრავმები ხშირად აწუხებს. ამის გამო, დიდია შანსი, „მილანმა“ ქართველი დაუყოვნებლივ ათამაშოს და უფრო დაბალი რანგის კლუბში იჯარით არ გაუშვას. მოთამაშის გარემოცვიდან გაირკვა, რომ ყაზანის „რუბინი“ 15-დან 20 მილიონამდე ევროს ითხოვს. გარკვეული სირთულედ აგენტებისთვის გადასახდელი საკომისიო რჩება, რამაც, შესაძლოა, გარიგების ფასი გაზარდოს, მაგრამ კვარაცხელიას „ინტერის“, „ატალანტას“, „იუვენტუსის“, „ნაპოლისა“ და დორტმუნდის „ბორუსიას“ სელექციონერებიც აკვირდებიან“.
numero diez კვარაცხელიასთვის საუკეთესო ვარიანტად „მილანს“ და „დორტმუნდს“ მიიჩნევს: „კვარაცხელიას გაუჭირდება დაუყოვნებლივ დაიმკვიდროს ადგილი მყარი შემადგენლობის მქონე „ინტერში, „იუვენტუსსა“ და „ნაპოლში“. უფრო დამაინტრიგებელი „ატალანტაა“, თუმცა სად დააყენებს გუნდის მთავარი მწვრთნელი ჯან-პიერო გასპერინი? ამ კუთხით ყველაზე საინტერესო „მილანია“, რომლის ყველაზე დიდი კონკურენტი დორტმუნდის „ბორუსიაა“, კლუბი, რომელიც მრავალი წელია ლიდერობს ახალგაზრდა ტალანტების დაწინაურებაში, რომლებიც შემდეგ ოქროს ფასად იყიდებიან“.