ნუგზარ წიკლაური - ვფიქრობ, შესაძლებელია რეალური კოალიციური მმართველობა
ნუგზარ წიკლაური - ვფიქრობ, შესაძლებელია რეალური კოალიციური მმართველობა

ვიდრე ეს შედეგი არ იქნებოდა და დიდ ქალაქებში „ქართული ოცნება“ არ დამარცხდებოდა, ჩვენ აქცენტირება გავაკეთეთ რეფერენდუმზე, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“.

„რეფერენდუმი ახლაც აქტუალური რჩება, თუმცა მეორე ტურისთვის ჩვენი სტრატეგია გახლავთ ის, რომ ჩვენს მოქალაქეებს უფრო მეტი განმარტებები მივცეთ იმ თემებთან დაკავშირებით, რაც მათთვის არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა წიკლაურმა.

ამ განცხადებით ნუგზარ წიკლაურმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რატომ შეცვალა ოპოზიციამ მეორე ტურის წინ საარჩევნო კამპანიის შინაარსი, სტრატეგია და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ არ იმუშავა და არ გაამართლა პირველი ტურის დროს არჩეულმა სტრატეგიამ, როცა აქცენტი რეფერენდუმზე კეთდებოდა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რა არის ოპოზიციის გეგმა კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში გამარჯვების შემთხვევაში, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად კონკრეტულ საკითხებზე მუშაობა, თუ კვლავ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რომ ეს ევროპული პრაქტიკაა და ერთი მეორეს არ გამორიცხავს.

„მე ვფიქრობ, რომ არის შესაძლებელი რეალური კოალიციური მმართველობა. ასევე, აუცილებლად უნდა დაინიშნოს პარლამენტის არჩევნები. იმიტომ, რომ პარლამენტი არის გაყალბებული და ის არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. უკვე მერე, პარტიები გადაწყვეტენ, რა ბლოკით, რა კონფიგურაციით, მარტო, თუ ერთად მიიღებენ მონაწილეობას ამ არჩევნებში. დიახ, ეს არჩევნები იქნება რეფერენდუმი“, – განაცხადა წიკლაურმა.

შეკითხვაზე, მოხსნა თუ არა რეფერენდუმის საკითხი დღის წესრიგიდან მმართველი გუნდის მიერ 43%-იანი ბარიერის გადალახვამ, წიკლაურმა აღნიშნა, როგორც ახსოვს, „ქართული ოცნება“ საერთოდ გამოსულია შარლ მიშელის დოკუმენტიდან.

„მე ასე მახსოვს. იყო თავდასხმები პოლიტიკურ ოპონენტებზე, ჩვენ ევროპელ მედიატორებზეც და კარგად ვიცით, როგორ იქნა მოპოვებული მათი ნებისმიერი შედეგი“, – განაცხადა წიკლაურმა.

როგორც წიკლაურმა აღნიშნა, მართალია, ეს არჩევნები წყვეტს, ადგილობრივი თვითმმართველობის ადგილებზე ამა თუ იმ მერის პოსტს ვინ მოიგებს, მაგრამ რა თქმა უნდა, ის პასუხს სცემს მთავარ კითხვას – სრულდება თუ არა საქართველოში პოლიტიკური დევნა.

„რა თქმა უნდა, ეს იქნება ნიშანი, რომ პოლიტიკური დევნა სრულდება. ამიტომ, ყველამ, ვინც არჩევნებზე წავა, უნდა იცოდეს, რომ თავისი ხმით შეუძლია, უკანონოდ დაპატიმრებული მიხეილ სააკაშვილი ციხიდან დაიხსნას. ეს ასეა. მე კარგად არ მიყურებია ბათუმის აქციისთვის, ყველა გამოსვლისთვის, მაგრამ ვინც ამას ამბობდა, მათთან სრულად სოლიდარული ვარ“, – განაცხადა ნუგზარა წიკლაურმა.