ნუგზარ წიკლაური - ხვალ მერი წარმოადგენს რამდენიმე ვიცე-მერს, ასევე თბილისის 10 გამგებელს და კიდევ რამდენიმე ადამიანს
ხვალ მერი წარმოადგენს რამდენიმე ვიცე-მერს, ასევე თბილისის 10 გამგებელს და კიდევ რამდენიმე ადამიანს, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ნუგზარ წიკლაურმა მათ მიერ დაგეგმილი ხვალინდელი პრეზენტაციის შესახებ საუბრისას.
„წარდგენა იქნება ხვალ. დაველოდოთ პრეზენტაციას. ერთი რამ შემიძლია, გითხრათ, რომ იქნება წარმოდგენილი კოალიციური პროგრამა, ისევე როგორც მრავალპარტიული გუნდი. თბილისისათვის ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები აყალიბებენ საერთო ხედვას ამ ქალაქის განვითარებისთვის. მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით, როდესაც ოპოზიცია ამბობს, რომ მათ შეუძლიათ თანამშრომლობა მთელ რიგ საკითხებზე იმისათვის, რომ იყოს ამ ქალაქის განვითარება. ეს ყოველთვის არის ძალიან საინტერესო და ამ თვალსაზრისით პრეზენტაცია მიიპყრობს ყველას ყურადღებას.
ეს არის წინასაარჩევნო გზავნილი. ჩვენ წარვუდგენთ ჩვენს ხალხს, რომელიც გამოვიდა რამდენიმე დღის წინ. ჩვენ მათ ვეუბნებით, რომ შეგვიძლია, ავმაღლდეთ ჩვენს პარტიულ ინტერესებზე. ეს კაბინეტი, რომელსაც წარვადგენთ, არის სწორედ ამისი გამოხატულება – სხვადასხვა პოლიტიკური ძალები ერთი მიზნისთვის.
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მერი წარმოადგენს რამდენიმე ვიცე-მერს, ასევე თბილისის 10 გამგებელს და კიდევ რამდენიმე ადამიანს. ჩვენ არ ვეპოტინებით ძალაუფლებას. ჩვენ არ გვინდა ერთპიროვნული მმართველობა. ჩვენთვის მთავარია, გადაწყდეს საკითხები, რომლებიც საზოგადოების წინაშე დგას. ამას გავაკეთებთ სხვადასხვა პარტიებს შორის მჭიდრო კოორდინაციით“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.