შვედეთის ქალაქ მალმეში დღეს, 23:00 საათზე ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მეორე ნახევარფინალი გაიმართება, სადაც საქართველოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე თავის საკონკურსო სიმღერას, Firefighter-ს შეასრულებს.
საქართველოსთან ერთად დღეს იმღერებენ საბერძნეთის, მალტის, ნიდერლანდების, შვეიცარიის, ისრაელის, სომხეთის, ნორვეგიის, ბელგიის, ავსტრიის, ესტონეთის, დანიის, სან მარინოს, ალბანეთის, ჩეხეთის და ლატვიის წარმომადგენლები. დღეს სცენაზე ასევე იმღერებენ საფრანგეთის, იტალიისა და ესპანეთის წარმომადგენლებიც.
კონკურსის დაწყებამდე https://www.esc.vote/-ზე საქართველოსთვის ხმის მიცემა მსოფლიოს ყველა ქვეყნიდანაა შესაძლებელი, მეორე ნახევარფინალში მონაწილე ქვეყნების გარდა. მეორე ნახევარფინალში მონაწილე ქვეყნები ხმის მიცემას 9 მაისს, კონკურსის მსვლელობისას შეძლებენ. შეგახსენებთ, რომ, კონკურსის წესების თანახმად, საკუთარ ქვეყანას ხმას ვერ მისცემთ.
კონკურსის წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტს და ხმის მიცემის პროცესში ჟიური არ მონაწილეობს.
ევროვიზიის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.