ნოზაძე ბუდაპეშტის მასტერსის მეოთხედფინალშია, ლიპარტელიანი ტურნირს გამოეთიშა [ვიდეო] #1TVSPORT
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში სტარტი აიღო მასტერსის ტურნირმა ძიუდოში. შეჯიბრების პირველ დღეს ოთხი ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობდა, მედლისთვის ბრძოლას კი ერთი მათგანი აგრძელებს.
შეჯიბრების მეორე წრეში თემურ ნოზაძემ (60კგ) უკრაინელ ლესიუკს 19 წამში იპონით მოუგო და მეოთხედფინალში იჭიდავებს. მასტერსის ნახევარფინალში გასასვლელად ქართველი ძიუდოისტი თურქ ილდიზს ან ყაზახ სმეტოვს შეხვდება.
ტურნირის მერვედფინალში, დამატებით დროში იტალიელ ტონოილოსთან დამარცხდა ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) და ასპარეზობა დაასრულა. ბუდაპეშტის მასტერსს პირველივე წრეში გამოეთიშნენ ვაჟა მარგველაშვილი (66კგ) და გიორგი სარდალაშვილი (60კგ).
წინასწარი შეხვედრები 11:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.
2022 წელს მასტერსი ისრაელის ქალაქ იერუსალიმში ჩატარდა, სადაც საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს (ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე) და ერთი ბრინჯაოს მედალი (ლუკა მაისურაძე) მოიპოვა.