ნოვაკ ჯოკოვიჩმა სენსაციურად წააგო 123-ე ჩოგანთან და რეიტინგში ლიდერობა დაკარგა #1TVSPORT
მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი დუბაის ტურნირს გამოეთიშა. სერბმა სენსაციურად დათმო მეოთხედფინალი მსოფლიოს 123-ე ნომერთან, ჩეხ ირჟი ვესელისთან – 4:6, 6:7(4). მატჩი საათი და 58 წუთი გრძელდებოდა.
პირველ სეტში ვესელიმ ორჯერ მოახერხა ბრეიკით დაწინაურება, რასაც ჯოკოვიჩმა მხოლოდ ერთი უკუბრეიკით უპასუხა.
მეორე პარტიაში ჩეხი ისევ ბრეიკით გავიდა წინ და 5:4-ზე მატჩზე აწვდიდა, მაგრამ ჯოკოვიჩმა შეძლო ანგარიშის გათანაბრება და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა. იქ თავიდანვე ვესელი 3:0 დაწინაურდა და მიიყვანა მატჩი კარიერაში ყველაზე დიდ გამარჯვებამდე.
ჯოკოვიჩმა ძალიან ცუდად ითამაშა მეორე მოწოდებაზე – ქულების მხოლოდ 42 პროცენტი მოიგო. ასევე ოთხი ორმაგი შეცდომა დაუშვა და ხუთიდან ორი ბრეიკპოინტი გამოიყენა. ვესელიმ რვიდან სამი ბრეიკპოინტის გამოყენება შეძლო.
ჯოკოვიჩის მარცხი ნიშნავს იმას, რომ ორშაბათიდან სერბი დაკარგავს ATP-ის კლასიფიკაციაში პირველ ადგილს, რომელსაც 361 კვირის განმავლობაში ინარჩუნებდა. რეიტინგის ახალი ლიდერი გახდება რუსი დანიილ მედვედევი.