ნოვაკ ჯოკოვიჩმა რომის „მასტერსზე“ პირველი სეტი წააგო, მაგრამ ნახევარფინალში გავიდა
მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი მეთერთმეტედ ითამაშებს რომის „მასტერსის“ ნახევარფინალში.
სერბ ჩოგბურთელს თითქოს იოლი მეტოქე ჰყავდა მეოთხედფინალში – გერმანელი დომინიკ კოპფერი, რომელიც კარიერაში პირველად თამაშობდა „მასტერსის“ სერიის ტურნირის ძირითად ბადეში. მიუხედავად ამისა, ჯოკოვიჩს სამი სეტი დასჭირდა საუკეთესო ოთხეულში მოსახვედრად.
სერბს შეეძლო გაცილებით იოლად მოეგო, მაგრამ 21 ბრეიკ-პოინტიდან მხოლოდ ექვსი გამოიყენა, გერმანელმა კი შანსების რეალიზაციის 100 პროცენტი აჩვენა – ოთხიდან ოთხი გამოყენებული ბრეიკ-პოინტი.
პირველ სეტში ჯოკოვიჩი 4:0 დაწინაურდა, მაგრამ კოპფერმა ორივე დაკარგული მოწოდება დაიბრუნა, თუმცა, ისევ წააგო საკუთარი გეიმი და შემდეგ სეტი. მეორე პარტიაში ჯოკოვიჩმა შეძლო ბრეიკით დაწინაურება, მაგრამ შემდეგ თავისი ორი გეიმი წააგო. მესამე სეტში კოპფერს მეტოქის მოწოდების აღების შანსი აღარ ჰქონია.
ჯოკოვიჩის შემდეგი მეტოქე ნორვეგიელი კასპერ რუუდი იქნება, რომელმაც ნახევარფინალამდე კარენ ხაჩანოვისა და მატეო ბერეტინის დამარცხება შეძლო და პირველად გავიდა „მასტერსის“ ტურნირების ნახევარფინალში.