ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობა მეცხრედ მოიგო
ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობა მეცხრედ მოიგო

ავსტრალიის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ტრიუმფატორი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა, რომელმაც ძალიან იოლად შეძლო რუსი დანიილ მედვედევის დამარცხება – 7:5, 6:2, 6:2. მატჩი მხოლოდ საათი და 54 წუთი გაგრძელდა.

ჯოკოვიჩმა მძლავრად დაიწყო და ბრეიკით 3:0 დაწინაურდა. თუმცა, მედვედევზე ასეთ დასაწყისს არ უმოქმედია, მეხუთე გეიმში უკუბრეიკი შეასრულა და ამის შემდეგ, ჩოგბურთელები დამაჯერებლად ინარჩუნებდნენ საკუთარ მოწოდებას. ასე გაგრძელდა მე-12 გეიმამდე, რომელშიც რუსის მოწოდებაზე სერბმა სამმაგი სეტბოლი მოიპოვა. მედვედევმა ორი საფრთხე მოიგერია, მაგრამ ნოვაკმა მესამე ცდაზე შეძლო სეტის მოგება.

მეორე სეტი მედვედევის ბრეიკით დაიწყო, რასაც ჯოკოვიჩის მხრიდან ზედიზედ ოთხი გეიმის მოგება მოჰყვა. რუსმა ვერაფრით უპასუხა მეტოქეს, პირიქით, სეტის ბოლოს მესამედ წააგო საკუთარი მოწოდება.

მესამე სეტში ბრძოლა კორტზე მინიმალური იყო. ჯოკოვიჩმა თავიდანვე შეასრულა ბრეიკი და მშვიდად აკონტროლებდა თამაშის მსვლელობას. სერბს მატჩზე ჩაწოდებაც არ დასჭირვებია საბოლოო გამარჯვების გასაფორმებლად – მერვე გეიმში მეტოქის მოწოდებაზე პირველ მატჩბოლი გამოიყენა და კარიერაში მეცხრედ მოიგო ავსტრალიის ღია პირველობა.

ჯოკოვიჩმა 11 ბრეიკ-პოინტი დააგროვა და შვიდჯერ აიღო მეტოქის მოწოდება, მედვედევმა – ოთხიდან ორი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა. სერბს 19 „ვინერსი“ ჰქონდა და მხოლოდ 17-ჯერ შეცდა (მედვედევი – 24/30). რუსის მარცხის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მეორე მოწოდებაზე ძალიან ცუდი თამაში იყო – 27 გათამაშებიდან მხოლოდ ცხრა მოიგო.

ნოვაკისთვის ეს არის „დიდი სლემის“ ტურნირებზე მე-18 ტიტული. ის მიუახლოვდა როჯერ ფედერერსა და რაფაელ ნადალს, რომლებსაც 20-20 გამარჯვება აქვთ.