მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა „ინსტაგრამის“ მეშვეობით გაუკეთა კომენტარი აშშ-ის ღია პირველობის მერვედფინალში მომხდარ ინციდენტს.
ჯოკოვიჩი ტურნირიდან ხაზის მსაჯისთვის ბურთის მორტყმის გამო მოხსნეს. ინციდენტი პაბლო კარენო ბუსტასთან მატჩის პირველი სეტის მე-11 გეიმის შემდეგ მოხდა, როცა ნოვაკმა საკუთარი მოწოდება წააგო და 5:6 ჩამორჩა. სერბმა ჯიბიდან ამოიღო ბურთი და ისე რომ არ გაუხედავს, ჩოგნით უკან დაარტყა. ბურთი ქალ მსაჯს ყელის არეში მოხვდა.
ნოვაკი 10 წუთის განმავლობაში ელაპარაკებოდა სუპერვაიზერს იმის ასახსნელად, რომ ბურთი მსაჯის მიმართულებით შემთხვევით გაუშვა. მიუხედავად ამისა, მიიღეს გადაწყვეტილება რეიტინგის პირველი ნომრის დისკვალიფიკაციის შესახებ.
„მთელმა ამ სიტუაციამ მხოლოდ სინანული და სიცარიელის გრძნობა დამიტოვა. დავინტერესდი, როგორ გრძნობდა თავს მსაჯი და მადლობა ღმერთს, მას ყველაფერი წესრიგში აქვს. მრცხვენია. რომ მას ასეთი სტრესის გადატანა მოუწია, მაგრამ ეს სპეციალურად არ მომხდარა. ასე მოქცევა არ შეიძლება.
რაც შეეხება დისკვალიფიკაციას, უნდა გავერკვე საკუთარ თავში, ვიმუშაო იმ მომენტებზე, რამაც იმედგაცრუება მომიტანა და აქედან გაკვეთილი მივიღო. ეს დამეხმარება ზრდაში – როგორც ჩოგბურთელსა და როგორც ადამიანს. ბოდიშს ვუხდი აშშ-ის ღიას მონაწილეებსა და ყველას, ვინც ჩემი საქციელის გამო დაზარალდა. მადლობა ჩემს გუნდსა და ოჯახს იმისთვის, რომ ჩემი საყრდენი არიან, ასევე ჩემს ფანებს. მადლობა ყველას, ძალიან ვწუხვარ“, – დაწერა ჯოკოვიჩმა.