ნოვაკ ჯოკოვიჩი მარბელიაში დასახლდა
ნოვაკ ჯოკოვიჩი მარბელიაში დასახლდა

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა გადაწყვიტა. ჩოგბურთელი თავის ოჯახთან ერთად მონაკოდან ესპანეთში გადავიდა.

ცნობილი გახდა, რომ ჯოკოვიჩმა მარბელიაში დიდი სახლი 10 მილიონ ევროდ შეიძინა. ამ ესპანურ ქალაქში სერბი კორონავირუსის პირველი ტალღისას მოხვდა. სწორედ აქ გადიოდა ნოვაკი აღდგენით პერიოდს კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ.

თავდაპირველად, ჯოკოვიჩი მარბელიაში სახლს ქირაობდა, მაგრამ სერბს იმდენად მოეწონა იქაური გარემო, რომ გადაწყვიტა – უძრავი ქონების სრულფასოვანი მფლობელი გამხდარიყო და მონტე კარლოდან ესპანეთში გადაბარგებულიყო.

სახლში, რომელიც ჯოკოვიჩმა შეიძინა, ცხრა საძინებელი ოთახია, რვა სააბაზანო, აუზი, სატრენაჟორო დარბაზი და საჩოგბურთო კორტი. გარდა ამისა, ვილადან ლამაზი ხედები იშლება ზღვაზე და მთებში, რომელიც ამ რაიონს აკრავს გარშემო.