ნოვაკ ჯოკოვიჩი - ჯერ არ ვიცი, ვითამაშებ თუ არა ავსტრალიის ღიაზე #1TVSPORT
ნოვაკ ჯოკოვიჩი - ჯერ არ ვიცი, ვითამაშებ თუ არა ავსტრალიის ღიაზე #1TVSPORT

„დიდი სლემის“ ტურნირების 20-გზის ჩემპიონმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ილაპარაკა იმის შესახებ, გეგმავს თუ არა იანვარში ავსტრალიის ღია პირველობაზე გამოსვლას, სადაც შეიძლება მოთამაშეებისთვის აუცილებელი ვაქცინაციის წესი შემოიღონ.

„თვალს ვადევნებ სიტუაციას და რამდენადაც მესმის, ავსტრალიის მთავრობისა და ჩოგბურთის ფედერაციის საბოლოო გადაწყვეტილება ორ კვირაში გახდება ცნობილი. მგონია, რომ პირობები დიდად არ შეიცვლება იმისგან განსხვავებით, რაც დღეს უკვე ვიცით. როგორც 2020 წელს, ახლაც ბევრი შეზღუდვა იქნება. ჩემს მენეჯერს პირდაპირი კავშირი აქვს ავსტრალიის ჩოგბურთის ფედერაციასთან და მისგან შევიტყვე, რომ ისინი ცდილობენ ყველასთვის პირობების გაუმჯობესებას – მათთვის, ვინც ვაქცინირებულია და იმათთვისაც, ვინც ამაზე უარს ამბობს.

ჯერ არ ვიცი, ვითამაშებ თუ არა მელბურნში. არ ვიცი, როგორი განრიგი მექნება. ახლა ძალიან ბევრი ჭორი ვრცელდება. მედია ვარაუდებით არის დაკავებული და ეს ძალიან მაწუხებს.

არა მხოლოდ სპორტში, არამედ მთელს საზოგადოებაში ძლიერი უთანხმოებაა იმათ შორის, ვინც აცრილია და ვინც არ არის ვაქცინირებული. საშინელებაა, რომ ჩვენ ვახდენთ ადამიანების დისკრიმინაციას, რომლებსაც თავად სურთ გადაწყვიტონ – გაიკეთონ აცრა თუ არა. იმედგაცრუებული ვარ საზოგადოებით და იმით, რომ თუ როგორ გადასცემს მედია ინფორმაციას და როგორი ზეწოლა აქვს ადამიანებზე. ძალიან ბევრი გაურკვევლობაა, ძალიან ბევრი არა სწორი ინფორმაცია. აზრი მუდმივად იცვლება.

მე ძველ პოზიციას მივდევ. არავის ვეტყვი – ვარ თუ არა ვაქცინირებული. ეს პირადი საქმეა და ამ საკითხის განხილვა უადგილოდ მიმაჩნია. დღეს ბევრი აძლევს საკუთარ თავს უფლებას ჯერ გკითხოს და შემდეგ განსაჯოს. რაც არ უნდა უპასუხოთ – დიახ, არა, არ ვიცი, ჯერ ვფიქრობ – ეს გამოიყენება თქვენს წინააღმდეგ. მედის თესავს შიშსა და პანიკას და მე არ მინდა იმაში მონაწილეობა, როცა ადამიანები ერთმანეთის წინააღმდეგ განაწყობენ. საერთო ჯამში, მედია მტრულად არის განწყობილი, ამიტომაც არ მინდა მივცე საბაბი, რომ ჩემზე წეროს.

აი, მე ახლა ეს სიტყვები წარმოვთქვი, თქვენი ერთ-ერთი რედაქტორი კი ამისგან სკანდალს გამოაცხობს. არ მინდა მონაწილეობა მივიღო ამჟამინდელ კამათში. რაც შეეხება სპორტს, არ ვიცი, წავალ თუ არა ავსტრალიაში. რა თქმა უნდა, მინდა იქ გამგზავრება. ავსტრალია – ჩემი ყველაზე წარმატებული „დიდი სლემია“, მინდა ვითამაშო, მიყვარს ეს სპორტი და ძველებურად მოტივირებული ვარ“, – აცხადებს ჯოკოვიჩი.