ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ძალიან იოლად მოუგო კლასიფიკაციის მეორე ნომერს, ესპანელ რაფაელ ნადალს.
ეს ფინალი საერთოდ არ ჰგავდა 2012 წლის ფინალს, როცა მელბურნში ჯოკოვიჩმა ხუთი საათი და 53 წუთი ბრძოლის შემდეგ ხუთ სეტში მოიგო. ამჯერად, სერბს ორი საათიც კი არ დასჭირვებია ნადალის გასანადგურებლად – 6:3, 6:2, 6:3.
ნადალი პრაქტიკულად სამივე სეტში უშანსოდ იყო. საწყის პარტიაში სერბმა ჩოგბურთელმა მხოლოდ ერთი (!) ქულა დათმო საკუთარ გეიმებში, ორი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და ერთი გამოიყენა, 12 „ვინერსი“ მიითვალა და მხოლოდ სამი უნებლიე შეცდომა დაუშვა. ნადალი საკუთარ თავს არ ჰგავდა – 11 უნებლიე შეცდომა დაუგროვდა, პირველი მოწოდებით კი ქულების მხოლოდ 57 პროცენტი აიღო.
თამაშის სურათი დიდად არც მეორე სეტში შეცვლილა. ჯოკოვიჩის გეიმებში მხოლოდ ერთხელ იყო ბრძოლა, როცა მეექვსე გეიმში ესპანელმა ოთხი ქულა აიღო, მაგრამ ბრეიკ-პოინტამდე მაინც ვერ მივიდა. ჯოკოვიჩს ისევ ორი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და, ამჯერად, ორივე გამოიყენა, ხოლო უნებლიე შეცდომების რაოდენობა ერთამდე დაიყვანა.
მესამე სეტში ნადალი ერთ ბრეიკ-პოინტამდე მივიდა, ოღონდ ეს მაშინ მოხდა, როცა ჯოკოვიჩი უკვე ბრეიკით იგებდა. ესპანელმა ეს ერთადერთი შანსი ვერ გამოიყენა და უკუბრეიკი ვერ შეასრულა, სერბმა კი მეხუთე ბრეიკის შესრულებაც შეძლო და ამით თავის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე იოლი ფინალი დაასრულა.
ნოვაკ ჯოკოვიჩმა მეშვიდედ ითამაშა ავსტრალიის ღიას ფინალში და მეშვიდედ გაიმარჯვა. მან „დიდი სლემის“ მე-15 ტიტული მოიგო და ამ მაჩვენებლით მხოლოდ როჯერ ფედერერსა და ნადალს ჩამორჩება, რომლებსაც, შესაბამისად, 20 და 17 ტიტული აქვთ.
ჯოკოვიჩისა და ნადალის ურთიერთდაპირისპირებაში ანგარიში 28:25 გახდა ჯოკოვიჩის სასარგებლოდ.