ნოვაკ ჯოკოვიჩი აშშ-ის ღია პირველობაზე - რადიკალურ პირობებს გვთავაზობენ
ნოვაკ ჯოკოვიჩი აშშ-ის ღია პირველობაზე - რადიკალურ პირობებს გვთავაზობენ

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა, ამერიკის ღია პირველობის ჩატარებაზე, კერძოდ კი ორგანიზატორების მიერ შეთავაზებულ პირობებზე აზრი გამოთქვა.

„გუშინ მქონდა სატელეფონო საუბარი ხელმძღვანელობასთან, ვლაპარაკობდით სეზონის გაგრძელებაზე, აგრეთვე აშშ-ის ღია პირველობაზე. დღეს გაურკვევლობა არსებობს. ის პირობები, რომლებიც შემოგვთავაზეს, მართლაც რადიკალურია.

ბევრის თქმის უფლება არ მაქვს, მაგრამ ამბობენ, რომ ვიცხოვრებთ აეროპორტთან ახლოს მდებარე სასტუმროებში, აგრეთვე კვირაში ორ-სამჯერ ჩავაბარებთ ტესტს კორონავირუსზე. ასევე საჩოგბურთო კომპლექსის ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი თანმხლები გვეყოლება. ეს შეუძლებელია. ჩვენს გვერდით უნდა იყვნენ მწვრთნელი, ფიზიოთერაპევტი… მათი ყველა წინადადება საკმაოდ ხისტია, მაგრამ შემიძლია გავიგო ამ ზომების აუცილებლობა. არსებობს ფინანსური მიზეზები, კონტრაქტები, რომელთა გავლენით ორგანიზატორები ითხოვენ ტურნირის ჩატარებას. ვნახოთ, რა გამოვა. აგვისტოს ბოლომდე ჯერ დიდი დროა“, – განაცხადა ჯოკოვიჩმა.