„ნორვიჩის“ ფანმა ფეხბურთელებს 100 ფუნტი უანდერძა - მათ გულშემატკივრის შესანდობარი დალიეს
„ნორვიჩის“ გულშემატკივარმა ბარი გრივზმა სიკვდილის წინ 100 ფუნტი უანდერძა საყვარელი გუნდის ფეხბურთელებს, რათა მათ ერთგული ფანის ხსოვნის საპატივცემულოდ დაელიათ.
გრივზი 2019 წლის 28 დეკემბერს, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ქალიშვილის სარას თქმით, მამამისი ყოველთვის ხუმრობდა, რომ სიკვდილის წინ უნდოდა გარკვეული თანხა დაეტოვებინა „ნორვიჩის” ფეხბურთელებისთვის. სარამ აღიარა, რომ გულიანად გაიცინა, როცა მამის ანდერძში შესაბამისი პუნქტი იხილა.
„ბარიმ აღნიშნა, რომ მადლობა უნდა გადაუხადოს ფეხბურთელებს, რომლებიც თავიანთი თამაშით მას მთელი ცხოვრება ართობდნენ”, – თქვა სარამ.
გრივზის დაკრძალვა 20 იანვარს იყო. „ნორვიჩის” გულშემატკივარმა დატოვა ინსტრუქცია, რომელშიც წერია, რომ დაკრძალვამ უნდა ჩაიაროს მხიარულ ატმოსფეროში, მაგრამ არა მატჩის დღეს.
საბოლოოდ, „ნორვიჩში” გაიგეს ერთგული ფანის ანდერძის შესახებ და მის საპატივცემულოდ დალიეს. კლუბის ოფიციალურმა „ტვიტერმა” გამოაქვეყნა ფეხბურთელების ფოტო ჭიქებით ხელში და წარწერით: „შენთვის, ბარი!”
„ნორვიჩი” 22 ტურის შემდეგ პრემიერლიგაში ბოლო ადგილზეა.