ნორვეგიული გამოცემა - სუსტ მეტოქესთან ოთხი მომენტი ცოტაა, ქართველებთან ანტონიო ნუსამ გაიბრწყინა #1TVSPORT
ნორვეგიელები თვლიან, რომ მათ ეროვნულ გუნდში კიდევ ერთი ვარსკვლავი, ანტონსიო ნუსა ამობრწყინდა – ამის შესახებ საქართველოს ნაკრებთან მატჩის შემდეგ გამოცემა Verdens Gang (vg.no) წერს.
საქართველოს ნაკრებთან ოფიციალურ სადებიუტო შეხვედრაში, „ბრიუგეს“ 18 წლის შემტევმა, ანტონიო ნუსამ ორი საგოლე გადაცემა შეასრულა და საქართველოს ნაკრების დაცვა ურთულეს მდგომარეობაში ჩააგდო. მისი თამაშის გამო ვილი სანიოლს შესვენებაზე მცველის, გიორგი გოჩოლეიშვილის შეცვლა მოუხდა. წერილში საქართველოს ნაკრები რამდენჯერმე ძალიან სუსტი მეტოქედ არის მოხსენიებული, რაც, სამწუხაროდ, რეალობიდან გამომდინარეობს.
ნორვეგიას კიდევ ერთი მსოფლიო ვარსკვლავი ჰყავს
„არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ჟურნალისტები და გულშემატკივრები ამა თუ იმ ფეხბურთელს ნაადრევად მოიხსენიებენ დიდ ვარსკვლავად. იორდანიისა და საქართველოს ნაკრებები, შესაძლოა, ძლიერი მეტოქეები არ იყვნენ, მაგრამ მაინც გავბედავთ და ვიტყვით: ამ მატჩებში გამოჩნდა, რომ 18 წლის ანტონიო ნუსა მომავალი მსოფლიო ვარსკვლავია. ბევრი კარგი, სწრაფი, ძლიერი და ჭკვიანი ფლანგის მოთამაშე ვიცით, მაგრამ 18 წლის, არც ისე ბევრი. ჩვენ შეიძლება საქართველოსთან ანტონიო ნუსას სახით ახალი ვარსკვალვი ვნახეთ.
ქართველების წინააღმდეგ მატჩში მან პირველ ტაიმში ისე დაატერორა მეტოქის დაცვა, რომ მცველი (გოჩოლეიშვილი) შეცვალეს. ასე გაგრძელდა მეორე ნახევარშიც მანამ, სანამ 70-ე წუთზე ნუსა არ შეცვალეს და ქართველებმაც ამოისუნთქეს. შესაძლოა, ნუსას შეცვლა იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საქართველოს ნაკრები ბოლოს ქულის გადარჩენასთან ახლოს იყო.
პირველი ტაიმში ანტონიომ ნორვეგიის ნაკრების მწვრთნელის, სტალე სოლბაკენის სიმშვიდე უზრუნველყო – მან ორი საგოლე გადაცემა შეასრულა, ჰალანდმა და ოდეგორმა კი გაიტანეს.
სოლბაკენს თავდასხმაში X-ფაქტორის მქონე მოთამაშეები ჰყავს, რომლებსაც შეუძლიათ მოულოდნელად დარტყმა, დისბალანსის შექმნა და, რა თქმა უნდა, გოლის გატანა. საქართველოსთან მატჩში სწორედ ასეთმა ფეხბურთელებმა გადაარჩინეს ნაკრების მწვრთნელი, რომელსაც წინა საღამოს, პრესკონფერენციაზე, უამრავი უსიამოვნო კითხვა დაუსვეს.
ქართველებს მეორე ტაიმის შუა ნაწილამდე გატანის შანსი არ ჰქონდათ, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ დროში ორი მომენტი შექმნეს და ერთი გამოიყენეს. ნორვეგია მთლიანობაში არ იყო დამაჯერებელი, რადგან საკმაოდ სუსტი მეტოქის წინააღმდეგ, მხოლოდ ოთხი საგოლე მომენტი შექმნა. თუმცა კარგია, რომ ნაკრებმა მოიგო, რაც იმას ნიშნავს, რომ სტალე სოლბაკენის გუნდი ევრო 2024-ზე მოსახვედრად ბრძოლას განაგრძობს“, – წერს ნორვეგიული გამოცემა.