ნორვეგიული გამოცემა - ორი ოლიმპიური ოქროს ჩამორთმევა პუტინის უდიდესი მარცხია
ცნობილი ნორვეგიული გამოცემა Dagbladet-ის მიმომხილველმა ესტენ სეტერმა კომენტარი გაუკეთა რუსი ბიატლონისტისთვის ევგენი უსტიუგოვისთვის ორი ოლიმპიური ოქროს ჩამორთმევას. სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ რუსი სპორტსმენი ანტისადოპინგო სააგენტოს წესების დარღვევაში ბრალდებულად სცნო.
„გუშინ გააუქმეს 2010 და 2014 წლების ოლიმპიადებზე ევგენი უსტიუგოვის ყველა შედეგი. ის სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ დასაჯა სისხლის ანალიზთან დაკავშირებით თაღლითობაზე. ეს ნიშნავს, რომ რუსები კარგავენ სოჭში ესტაფეტაში მოპოვებულ ოქროს, აგრეთვე, რუსეთი აღარ არის გამარჯვებული 2014 წლის ოლიმპიური თამაშების მედლების ჩათვლაში.
თავისთავად, ეს არის ვლადიმირ პუტინის უდიდესი მარცხი. სოჭში ოლიმპიური თამაშები რუსეთის პრეზიდენტის პირადი სათამაშო იყო. პუტინის ხელმძღვანელობით, დიადმა სახელმწიფომ მოიზიდა უცხოელი ვარსკვლავები და მათ რუსეთის მოქალაქეობა მისცა, რათა მასპინძელი ქვეყანა, ბოლოს და ბოლოს, პირველ ადგილზე გასულიყო მედლების რაოდენობით. ეს პირველი ადგილი გუშინ ღამით გაქრა. ეს სირცხვილია რუსეთისთვის და პუტინისთვის“, – დაწერა სეტერმა.