ნორვეგიული გამოცემა - ნაკრების მწვრთნელი შედეგებით იმედგაცრუებულია #1TVSPORT
საქართველოსთან მატჩის მეორე დღეს ნორვეგიული გამოცემა VG-ი, ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, სტოლე სოლბაკენსა და გუნდის კაპიტანს, მარტინ ედეგორს ესაუბრა. ორივე მათგანი გულდაწყვეტილია, რომ ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის საწყის ორ მატჩში ესპანეთთან (0:3) და საქართველოსთან (1:1) ქულები დაკარგეს.
სოლბაკენი იმედგაცრუებულია და თავს გაძარცვულად გრძნობს
საქართველოსთან ფრემ ნორვეგიის ნაკრების წევრები იმედგაცრუებული დატოვა, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ ამავე ტურში შოტლანდიამ ესპანეთს მოუგო (2:0).
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასაწყისი ისეთი არ გამოვიდა, როგორსაც ნორვეგიის ნაკრების მოთამაშეები ელოდნენ. ესპანეთთან წაგება და საქართველოსთან ფრე ნიშნავს, რომ ნორვეგიას პირველი ორი თამაშის შემდეგ ერთი ქულა აქვს. სტალე სოლბაკენის გუნდი უკვე ხუთი ქულით ჩამორჩება შოტლანდიას, რომელმაც მეორე ტურში ესპანეთი დაამარცხა.
საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე მეორე ადგილისთვის ბრძოლაში ნორვეგიის მთავარ კონკურენტად შოტლანდია განიხილებოდა. ეროვნული ნაკრების მენეჯერი ამბობს, რომ მატჩის შემდეგ ფეხბურთელები განადგურებულნი იყვნენ. თუმცა, შედეგის მიუხედავად, სოლბაკენი თამაშის ხარისხით კმაყოფილია.
„საწყის ორ შეხვედრაში მიღწეული შედეგებიდან გამომდინარე, ივნისში შოტლანდიასთან მატჩი ჩვენთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტია. ესპანეთთან და საქართველოსთან ორ გასვლითი თამაშს შემდეგ, თავს გაძარცვულად ვგრძნობთ. თუმცა, ვთვლი, რომ ნორვეგიაში დიდი ხანია, გუნდის მიმართ ისეთი ნდობა არ ყოფილა, როგორც ახლა. ამას არ ვამბობ საკუთარი თავის ან ვინმეს დასაცავად. ცხადია, ჩვენ ყველაფერს ქულებით ვზომავთ. ორ თამაშში ერთი ქულა კი საკმარისი არ არის და ამას უნდა შევეგუოთ“, – ამბობს სოლბაკენი.
ნორვეგიამ საქართველოს წინააღმდეგ შესანიშნავი მომენტები გაანიავა. მატჩის შემდეგ კაპიტანმა მარტინ ედეგორმა აღიარა, რომ შედეგები მტკივნეული იყო: „მატჩის შემდეგ ფეხბურთელებს მივმართე და სასტუმროს ნომერში საკმაოდ ადრე ავედი, რადგან მარტო დარჩენა მსურდა. თამაშს თავიდან ვუყურე და ნორმალურად ვერ დავიძინე“, – განაცხადა ნორვეგიის ნაკრების კაპიტანმა.