ნორვეგიის ნაკრების მწვრთნელი - ესპანეთთან და საქართველოსთან განსხვავებული შემადგენლობებით ვითამაშებთ #1TVSPORT
ნორვეგიის ნაკრების მწვრთნელი - ესპანეთთან და საქართველოსთან განსხვავებული შემადგენლობებით ვითამაშებთ #1TVSPORT

ნორვეგიის ნაკრების მწვრთნელმა, სტალე სოლბაკენმა, რომელმაც ესპანეთთან და საქართველოსთან 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის 26 ფეხბურთელი გამოიძახა, პრესკონფერენცია გამართა, სადაც აღნიშნული შეხვედრების შესახებ ისაუბრა.

„კარგი იქნება შესარჩევი ციკლის დაწყება და მოუთმენლად ველით ყველა მოთამაშის კიდევ ერთხელ ნახვას. სამწვრთნელო შტაბმა და დამხმარე პერსონალმა ბევრი იმოგზაურა, კარგი შემადგენლობა შეარჩია. თავიდან 40 მოთამაშეს ვაკვირდებოდით და საბოლოოდ 26 გამოვიძახეთ. მიმაჩნია, რომ ეს ფეხბურთელები კარგ ფორმაში არიან.

ამ შეხვედრებში დამღლელი მოგზაურობა და რთული მეტოქეები გველის. უკვე ვიცით, რომ ამ ორი დაპირისპირებისთვის ორი სხვადასხვა შემადგენლობა დაგვჭირდება და ორივეს ენერგიით სავსე ფეხბურთელები ითამაშებენ. ზოგიერთ მოთამაშეს უჭირდა მჭიდრო სათამაშო გრაფიკის გამო, მაგრამ ასეთია კალენდარი და ჩვენც შესაბამისად უნდა მოვიქცეთ.

ზოგიერთი პოზიციაზე ოდნავ უფრო რთულად გვაქვს საქმე, მაგრამ ორივე მეტოქესთან ორი კონკურენტუნარიანი გუნდით დაპირისპირება უნდა მოვახერხოთ. მოთამაშეებს ძალიან მოენატრათ ერთმანეთი და სანაკრებო მატჩები. ამიტომ შესარჩევი ციკლის დაწყებას მოუთმენლად ველით“, – ამბობს მთავარი მწვრთნელი სტალე სოლბაკენი.

ესპანეთთან და საქართველოსთან 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს ნორვეგიის ნაკრები 25 და 28 მარტს გასვლაზე გამართავს: 25 მარტს მალაგაში ესპანეთს ესტუმრება, ხოლო 28 მარტს საქართველოს ეროვნულ გუნდს – ბათუმში.