ნორვეგიის ნაკრების კაპიტანი - საქართველოსთან თამაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია #1TVSPORT
ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართელოსთან შეხვედრა ნორვეგიის ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია – ამის შესახებ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ნორვეგიის ნაკრების კაპიტანმა მარტინ ედეგორმა განაცხადა.
„დარჩენილი თამაშების მოგებას უნდა შევეცადოთ. თუ ამას შევძლებთ, ჯგუფიდან გასვლის კარგი შანსი გვექნება. ფაქტია, რომ უფრო რთულ მდგომარეობაში ვართ, ვიდრე ვისურვებდით და გვეგონა, ამიტომ დარჩენილი თამაშების მოგებას უნდა ვეცადოთ და ვნახოთ, რა მოხდება.
ნორვეგიის ნაკრებში თამაშის ისეთი ძლიერი სურვილი მაქვს, როგორც არასდროს. ხშირად მეკითხებიან, რატომ მაქვს ნაკრებში გაცილებით ნაკლები გოლი გატანილი, ვიდრე „არსენალში“. ეროვნულ გუნდში უფრო შედეგიანი თამაში მინდა, მაგრამ მთავარი გუნდის ინტერესებია. გუნდური თამაშის გაუმჯობესების მიზნით დიდი ნაბიჯები გადავდგით და საკითხს ცოტა უფრო ფართოდ უნდა შევხედოთ.
რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსს. ნორვეგია ხშირად დომინირებს მატჩებში, მაგრამ ბევრი ბურთის გატანას ვერ ვახერხებთ. ამ მხრივ მდგომარეობა გასაუმჯობესელი გვაქვს და მჯერა, ამას მოვახერხებთ.
საქართველოს წინააღმდეგ თამაში წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია. ეს ის ნაკრებია, რომელთანაც სტუმრად 1:1 ვითამაშეთ, მაგრამ რამდენიმე დღის წინ მათ ესპანეთთან 1:7 წააგეს. მიმაჩნია, რომ მოგება ჩვენც შეგვიძლია. ამიტომ მოედანზე მაქსიმალურად მოტივირებულები გავალთ“, – ამბობს ნორვეგიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი.
ნორვეგიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 12 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო (FM 102.3) პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.