ნორვეგიის მწვრთნელი ჟურნალისტებს მიმართავს - ნუ შექმნით ისეთ სურათს, რომ ჰალანდს ნაკრებში თამაში არ უნდა #1TVSPORT
ნორვეგიელი ჟურნალისტები დარწმუნებულნი არ არიან, რომ ერლინგ ჰალანდი რეალურად ტრავმირებულია და ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებებთან ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის საწყის მატჩებში თამაში არ შეეძლო. ეს გამოცემა Verdens Gang-ში გამოქვეყნებული წერილიდან ირკვევა.
სოლბაკენმა ჰოლანდი მოინახულა – მისი თქმით, ფორვარდი გულდაწყვეტილია
ნორვეგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სტოლე სოლბაკენმა ერლინგ ჰალანდი სასტუმროში მოინახულა და ჯანმრთელობის მდგომარეობზე ესაუბრა.
„ფაქტებით მინდა, ვისაუბრო. ექიმებმა მითხრეს, რომ ის მარტში თამაშს ვერ შეძლებდა. როდესაც სასტუმროში ვისაუბრეთ, ჰალანდი ძალიან გულდაწყვეტილი ჩანდა“, – თქვა სოლბაკენმა მარბელაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ჰალანდი ეროვნული ნაკრების შეკრებიდან შინ დაბრუნდა. 22 წლის ფეხბურთელი ეროვნული ნაკრების ექიმმა, ოლა სანდმა გასინჯა და დაასკვნა, რომ საზარდულის ტრავმის გამო ესპანეთისა და საქართველოს წინააღმდეგ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებს ვერ ჩაატარებდა.
სოლბაკენი ყველაზე მეტად იმ კითხვამ გააღიზიანა, რომელმაც ნორვეგიელთა მთავარი იმედის ტრავმა ეჭვქვეშ დააყენა – ჟურნალისტმა მიანიშნა, „მანჩესტერ სიტისგან“ ხომ არ იყო ზეწოლა, რომ ჰალანდს სანაკრებო მატჩები გამოეტოვებინა. ამაზე სოლბაკენმა უპასუხა:
„გგონიათ, არ მიკითხავს ამის შესახებ? ვკითხე, შეძლებდა თუ არა ესპანეთთან და საქართველოსთან თამაშს და მითხრა, რომ ეს შეუძლებელი იყო. ნუ შექმნით ისეთ სურათს, რომ ამ ბიჭს ნაკრებში თამაში არ უნდა, ის ძალიან გულდაწყვეტილია. ჩვენ ვკარგავთ მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელს, გულუბრყვილობა და სისულელე იქნება იმის თქმა, რომ ეს ჩვენზე არ იმოქმედებს, მაგრამ ადრეც ვიყავით ასეთ ვითარებაში“.
სოლბაკენმა განაცხადა, რომ ის ჰალანდის ნაცვლად გუნდში არავის გამოიძახებს: „ახლა ორი თავდამხმელის იმედი მაქვს – „რეალ სოსიედადში“ მოთამაშე ალექსანდრ სორლოტისა და „სელტას“ ფორვარდის, იორგენ სტრენდ ლარსენის. გარდა ამისა, ცენტრფორვარდის პოზიციის ალტერნატივა, შესაძლოა, „მიოლდედან“ ოლა ბრინჰილდსენი და „სასუოლოდან“ კრისტიან ტორსტვედტი იყვნენ“.