ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის მატჩს საქართველოსა და ნორვეგას შორის, ოსლოში, „ულევაალის“ სტადიონზე მონტენეგრლოელ არბიტრთა ბრიგადა განსჯის.
მთავარი მსაჯი ნიკოლა დაბანოვიჩი იქნება, რომელსაც ლაინსმენებად დაეხმარებიან ვლადან ტოდოროვიჩი და სრდან იოვანოვიჩი, მეოთხე მსაჯი იქნება მილოშ ბოშკოვიჩი, ხოლო ვიდეორეფერებად უეფა-მ სლოვენიელები, ნეიც კაიტაზოვიჩი და რადე ობრენოვიჩი მიავლინა.
ნიკოლა დაბანოვიჩი 1981 წლის 18 დეკემბერს (41 წლის) პოდგორიცაში დაიბადა. მან მონტენეგროს ჩემპიონატის პირველ ლიგაში მსაჯობა 2006 წელს დაიწყო. ფიფა-ს მსაჯთა სიაში 2009 წელს შეიყვანეს. პირველი საერთაშორისო მატჩი 2011 წლის 10 აგვისტოს განსაჯა – ბოსნია და ჰერცეგოვინასა და საბერძნეთს შორის.
დაბანოვიჩი უეფა-მ მიავლინა 2014 წლის 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მალტაში და 2019 წლის 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე სომხეთში. საინტერესოა, რომ მსაჯი ფინანსისტია და ბანკში პირადი ანგარიშის მენეჯერად მუშაობს.
შეგახსენებთ, საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებებს 4-4 ქულა აქვთ და ჯგუფში მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებენ. ლიდერი შოტლანდიაა (15 ქულა), აუტსაიდერი კვიპროსი (უქულოდ), ხოლო ესპანეთს სამ თამაშში 6 ქულა აქვს და მე-2 პოზიციაზეა.
ნორვეგია-საქართველოს მატჩი 12 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.