ნონო ანდღულაძე აბუ-დაბის გრანდ სლემის გამარჯვებულია
ნონო ანდღულაძე აბუ-დაბის გრანდ სლემის გამარჯვებულია

ვეტერანი ბორჯღალოსანი და საქართველოს რაგბის კავშირის მოთამაშეთა კეთილდღეობის მენეჯერი ნონო ანდღულაძე, ბრაზილიურ ჯიუ-ჯიცუში აბუ-დაბის გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა ვეტერანთა შორის, იტყობინება საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებ-გვერდი.

ანდღულაძეს ბორჯღალოსანთა კვართით 11-ჯერ უთამაშია და სადებიუტო მატჩში ლელოც გაიტანა. მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ, ის ქართული რაგბის სამსახურში დარჩა, სოციალურ პროექტებს ხელმძღვანელობს და არაერთი საინტერესო პროექტის ინიციატორი გახდა.

პარალელურად, ნონომ ვარჯიში არ შეწყვიტა და ჯიუ-ჯიცუში გადაინაცვლა, ცოტა ხნის წინ კი, პირველად გაემგზავრა ვეტერანთა საერთაშორისო ტურნირზე და 94 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვეტერანთა გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა.

ქართველმა ათლეტმა ნახევარფინალში საუდის არაბეთის წარმომადგენელი რაშიდ ალმანსური, ხოლო ფინალში კოლუმბიელი ალვარო აროკა დაამარცხა.