„ნონას თასის“ პრეზენტაცია რუსთავში გაიმართა.
„ნონას თასის“ პრეზენტაცია რუსთავში გაიმართა.

საჭადრაკო ოლიმპიადის ერთ-ერთი ჯილდოს, „ნონას თასის“ საქართველოში მოგზაურობა გრძელდება. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონისა და ოლიმპიადის კეთილი ნების ელჩის, ნონა გაფრინდაშვილის სახელობის გარდამავალი თასის პრეზენტაცია თელავის შემდეგ დღეს უკვე რუსთავში გაიმართა.

„ამ თასის მასპინძლობა ჩვენი ქალაქისთვის დიდი პატივია. მიხარია, რომ დღევანდელ ღონისძიებას უამრავი მოზარდი ესწრება. ვიმედოვნებ, მათ შორის მომავალი ჩემპიონებიც არიან“ – განაცხადა ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, რომელსაც საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ ოლიმპიადის სიმბოლიკით გამოსახული სუვენირები გადასცა.

„ნონას თასის“ გარდა პარკში ოლიმპიადის დროშაც გამოიფინა, ასევე ქართული ჭადრაკის დიდების ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო.

საქართველოს ვაჟთა ნაკრების წევრმა, საერთაშორისო დიდოსტატმა ლუკა პაიჭაძემ ერთდროული თამაშის სეანსი ჩაატარა, საჭადრაკო ვიქტორინის გამარჯვებულები კი ბათუმი 2018-ის მაისურებით დაჯილდოვდნენ.
ოლიმპიადის დაწყებამდე (23 სექტემბერი) „ნონას თასი“ საქართველოს ყველა კუთხეს მოივლის. ამ ჯილდოს ხილვა გულშემატკივარს 23 ივნისს კუს ტბაზე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ დაგეგმილი ღონისძიების მსვლელობისას შეეძლება.

„ნონას თასი“ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით 1998 წლიდან იმ ქვეყანის გუნდს გადაეცემა, რომლის ვაჟთა და ქალთა ნაკრები ოლიმპიადაზე ჯამში საუკთესო შედეგს დააფიქსირებს.