ნონა გაფრინდაშვილი - ჭადრაკი ჩემი ცხოვრების არსია, პანდემია რომ არ ყოფილიყო, ვეტერანთა ტურნირზე ახლაც ვითმაშებდი #1TVSPORT
ნონა გაფრინდაშვილი - ჭადრაკი ჩემი ცხოვრების არსია, პანდემია რომ არ ყოფილიყო, ვეტერანთა ტურნირზე ახლაც ვითმაშებდი #1TVSPORT

ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოჭადრაკე ტაიმაუტს „სტუმრობდა“. ნონა გაფრინდაშვილმა, რომელსაც, ფაქტობრივად, ყველა მნიშვნელოვანი ტურნირი მოგებული აქვს, წამყვანის, ლუკა ჭოჭუას შეკითხვას ჭადრაკში აუხდენელ ოცნებაზე ასე უპასუხა: 

„ამასაც სიმბოლურად ვამბობ. პანდემია რომ არ ყოფილიყო, ახლაც ვითამაშებდი ვეტერანთა ტურნირზე. ჭადრაკი მთელი ჩემი ცხოვრების არსია. საჭადრაკო სამყაროში ვმშვიდდები, დიდ ენერგიას ვიღებ. ყველაფერს მივაღწიე, რისი მიღწევაც შეიძლებოდა, მაგრამ გული იმაზე მწყდება, რომ ერთხელ იტალიაში ვეტერნათა ტურნირზე თამაში გადავწვიტე. კომპიუტერი მაშინ არ მქონდა, მაგრამ უკვე შემოსული იყო. უცბად მივიღე გადაწყვეტილება, თან კაცების ტურნირზე. პარტიებზე მოუმზადებელი მივდიოდი, მაგრამ ჩემი ვარიანტები მქონდა. ეს ვარიანტები ინტერნეტით უკვე ხელმისაწვდომი იყო და ჩემს წინააღმდეგ ემზადებოდნენ. დარბაზში ოცი წუთით, ნახევარი საათით ადრე მივდიოდი. იყო ძალიან ძლიერი შემადგენლობა. ტურნირის პირველ პერიოდში მეოთხე ადგილზე ვიყავი და შემდეგ ეს ოთხეული დაწყვილდა. ვხვდებოდი აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ წარმომადგენელს. შავებით გადავითამაშე და აბსოლუტურად მოსაგები პოზიცია მივიღე. ეტლში ორი ფიგურა გავუცვალე, რაც მოგების გარანტიას მაძლევდა. მოწინააღმდეგეს, პრაქტიკულად, სვლები აღარ ჰქონდა, მაგრამ, საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ  უხეში შეცდომა დავუშვი. ჩემპიონი ჩემ ნაცვლად ის გახდა. ამაზე მწყდება გული. 

წლები რომ გავიდა, ორჯერ ძალიან ახლოს ვიყავი მიზანთან, სულ ბოლო მომენტში მოსაგები პარტიები ვერ მოვიგე. შანსი მიჩნდებოდა, რომ დავბრუნებულიყავი და მსოფლიო პირველობაზე მატჩი მეთამაშა. უბრალოდ, ეს ისტორიისთვის იქნებოდა საინტერესო. ჭადრაკი ჩემი სამყაროა. იქ ერთმანეთის მიმართ ყველა კარგად არის განწყობილი. ზოგი საპრიზო ადგილებისთვის ჩამოდის, ზოგი, უბრალოდ, მონაწილეობის მისაღებად. ისეთი ატმოსფეროა და ისეთი დადებითი ენერგია მოდის, რაც ადამიანს თავის სამუშაოს აგრძელებინებს“.