ნოდარ ახალკაცის სახელობის ფესტივალი მეთოთხმეტედ გაიმართება #1TVSPORT
თბილისში ნოდარ ახალკაცის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული მწვრთნელის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი 3-7 ივნისს ჩატარდება.
ფესტივალი მეთოთხმეტედ იმართება და 48 გუნდი ითამაშებს. გამარჯვებულები სამ ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდება – 9, 10 და 11 წლის ბავშვებს შორის. მონაწილეებს შორის მრავლად არიან რეგიონის გუნდები, თანხმობა თქვეს ყაზახეთისს და სომხეთის საფეხბურთო სკოლებმა.
თამაშებს ვიტალი დარასელიას სახელობის „დინამო თბილისის“ და „ინტერი საქართველოს“ აკადემიების მოედნები უმასპინძელებს. ტურნირის ორგანიზატორები არიან საქართველოსა და თბილისის ფეხბურთის ფედერაციები, ხოლო მხარდამჭერი თბილისის მერიის სპორტის სამსახური. ფესტივალს კერძო კომპანიებიც ეხმარებიან.
ნოდარ ახალკაცის ხელმძღვანელობით, თბილისის „დინამომ“ ორჯერ საბჭოთა კავშირის თასი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა და ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი მოიპოვა. 1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე იყო საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების მწვრთნელთა ტრიუმვირატის წევრი.
ახალკაცი იყო ყველაზე წარმატებული ქართველი მწვრთნელი და თავისი დროის ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტი. გახლდათ საქართველოს დამოუკიდებელი ფეხბურთის ფედერაციის დამფუძნებელი ორგანიზაციის პირველი პრეზიდენტი. არჩეული იყო უეფა-ს ტექნიკური კომიტეტის წევრად.