თურქული „ადანას“ 31 წლის ფორვარდი მარიო ბალოტელი, შესაძლოა, ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნდეს. იტყობინებიან, რომ იტალიელით „ნიუკასლია“ დაინტერესებული.
„გუშინ, „ნიუკასლმა“ შეთავაზება გამოგვიგზავნა ბალოტელის ტრანსფერის თაობაზე. ჩვენ უარი განვაცხადეთ. ვთქვით, რომ არ ვაპირებთ მის გაყიდვას“, – განაცხადა თურქული კლუბის პრეზიდენტმა მურატ სანჩაკმა.
ბალოტელის მოქმედი კონტრაქტი „ადანასთან“ 2024 წლის ზაფხულამდე მოქმედებს. იტალიელი კლუბის ღირსებას 2021 წლიდან იცავს.
ამ სეზონში ბალოტელიმ 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რვა გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
ინგლისის პრემიერლიგაში ფორვარდი „ლივერპულისა“ და „მანჩესტერ სიტის“ შემადგენლობაში თამაშობდა.