„ნიუკასლის“ ახალი შეთავაზება - ინგლისელებმა კვარაცხელიას სატრანსფერო თანხა 107 მილიონამდე გაზარდეს #1TVSPORT
„ნიუკასლი“ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიდან“ გადაბირებით იმდენად არის დაინტერესებული, რომ სატრანსფერო შეთავაზება 107 მილიონ დოლარამდე გაზარდა, რაც ინგლისური კლუბისთვის რეკორდული თანხაა – ინფორმაციას Corriere dello Sport-ი ავრცელებს.
ავტორიტეტული იტალიური გამოცემის ცნობით, „ნიუკასლმა“ „ნაპოლის“ 100 მილიონი ევრო (107 მილიონი დოლარი) შესთავაზა თავდამსხმელ ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ.
ESPN-ის მტკიცებით, ეს ტრანსფერი რეალურია და, შესაძლოა, მალე დასრულდეს, განხორციელების შემთხვევაში კი სატრანსფერო ბაზრის მთავარი მოვლენად აფასებს.
„ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა ტალანტია და პრემიერლიგის „ნიუკასლის“ დიდ ინტერესს იწვევს. ევროპაში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა უკვე გახსნილია და ბევრი ინფორმაცია ვრცელდება. მთავარი ამბავი კი ის არის, რომ „ნიუკასლში“ კვარაცხელიას ტრანსფერი რეალურია.
22 წლის კვარაცხელია გასულ სეზონში იტალიის ჩემპიონატის გამორჩეული ფეხბურთელი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, მისი შეძენით დაინტერესებულ ევროპულ კლუბებს შორის იყვნენ მადრიდის „რეალი“, „პარი სენ-ჟერმენი“ და „მანჩესტერ სიტი“.
„კაჭკაჭებმა“ („ნიუკასლის“ მეტსახელი) ნახევარმცველი სანდრო ტონალი „მილანიდან“ 64 მილიონ ევროდ შეიძინეს. პრემიერლიგის კლუბი ახლა იტალიის უმაღლესი ლიგის სხვა ფეხბურთელის შეძენასაც ცდილობს. „ნიუკასლი“ უკვე ამზადებს ახალ წინადადებას იმ შემთხვევაში, თუ „ნაპოლი“ მათ პირველ შეთავაზებას (90 მილიონი ევრო) უარყოფს.
კვარაცხელიას ნეაპოლელებთან კონტრაქტი კიდევ ოთხი წლით, 2027 წლამდე აკავშირებს. ის გასულ ზაფხულს ბათუმის „დინამოდან“ „ნაპოლიში“ 12 მილიონ ევროდ გადავიდა. იტალიური მხარე ფეხბურთელის შენარჩუნებას და მასთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას ცდილობს“, – წერს ESPN-ი.