„ნიუ ვიჟენი“ „ტორპედოს“ ფეხბურთელებს დავალიანებას სამ თვეში აუნაზღაურებს - გუნდის მართვა სამეთვალყურეო საბჭომ გადაიბარა #1TVSPORT
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურმა „ტორპედოს“ გასხვისებაზე ინფორმაცია გაავრცელა და ცნობილი გახდა, რომ კლუბის ახალი მეპატრონე გუნდს შეხვდა.
„ქუთაისის საფეხბურთო კლუბი „ტორპედო“ და მისი ახალი მფლობელები უკვე სამუშაო რეჟიმში არიან. ფაქტობრივად, ხელშეკრულების გაფორმებაც დასრულებულია. კომპანია „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ წარმომადგენლები დღეს კლუბის ფეხბურთელებსა და გუნდის ადმინისტრაციას შეხვდნენ. ისაუბრეს კლუბის განვითარებაზე, მმართველობის ახალ სისტემასა და მომავლის გეგმებზე. აუქციონის პირობების თანახმად, კომპანია კლუბის ფეხბურთელებს უმოკლეს პერიოდში სრულად აუნაზღაურებს სამი თვის სახელფასო დავალიანებას“, – წერია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
ამავე დროს, „ტორპედოს“ ახალი მეპატრონის მიზნებიც ცნობილი გახდა:
„მმართველი ჯგუფის წარმომადგენლების განცხადებით, კლუბში ყველა სახის პრობლემა მოგვარდება და ფეხბურთელების მთავარი საზრუნავი „ტორპედოს“ სამომავლო მიღწევები იქნება. გუნდის მფლობელები ბავშვთა ფეხბურთის განვითარებასაც ხელს შეუწყობენ. შეიცვლება კლუბის მართვის სისტემა – გუნდთან დაკავშირებულ ყველა საკითხს სამეთვალყურეო საბჭო განიხილავს და გადაწყვეტს. „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ წარმომადგენლების განცხადებით, ქუთაისის „ტორპედოს“ შეძენის უმთავრესი მიზანია, როგორც ფეხბურთის, ასევე რეგიონული განვითარების ხელშეწყობა“.
შეგახსენებთ, კომპანია „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ განცხადებაში ეწერა, რომ ქუთაისის „ტორპედოს“ აყვანა „საუნივერსიტეტო და საფეხბურთო საზოგადოების ძალისხმევის გაერთიანება სოციალური პასუხისმგებლობის იდეის პოპულარიზაციას ემსახურება“.