„ნიუ იორკ თაიმსი“ - უეფა ფინანსურ ფეირ-პლეის შეცვლის და ხელფასის ლიმიტს აღარ დააწესებს #1TVSPORT
უეფა ფინანსური ფეირ-პლეის სისტემის რეფორმას ამზადებს. ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირის ახალი ჩანაფიქრის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ იტყობინება.
წყაროს ცნობით, ახალი პროექტის მიღების შემთხვევაში, კლუბებს შეეძლებათ ბოლო სამი სეზონის მთელი შემოსავლის 70%-მდე დახარჯონ ფეხბურთის კომპონენტთან დაკავშირებულ ხარჯებზე. ამავდროულად, შემოთავაზებულია სპორტსმენებისთვის ხელფასის ლიმიტის გაუქმება. თუმცა ტექსტში აღნიშნულია, რომ მსგავსი წესების შემოღება ევროპული შრომის კანონმდებლობის გამო პრაქტიკულად შეუძლებელია.
ასევე, უეფა საშუალებას მისცემს გაორმაგდეს კლუბების ბიუჯეტის დასაშვები დეფიციტი ორი წლის განმავლობაში. ის 30 მილიონი ევროდან 60 მილიონ ევრომდე გაიზრდება.
რეფორმას მხარს უჭერს ევროპული კლუბების ასოციაცია (ECA), რომელსაც „პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი ხელმძღვანელობს. რეგულაციების მიღების შემთხვევაში, ახალი დებულებები ძალაში 2022 წლის 1 ივნისიდან შევა. გარდამავალი პერიოდი 2024 წლამდე გაგრძელდება.