ნიკა ნინუა სალონიკის პაოკ-ში 2020 წელს გადავიდა – 21 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ბერძნულ გუნდში მხოლოდ 12 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა, აქედან ჩემპიონატის ცხრა მატჩში – ერთი გოლი. ამის მიუხედავად, ქართველი ლეგიონერი საბერძნეთში გამოარჩიეს – ნიკას გოლი ჯარიმებიდან გატანილი საუკეთესო გოლების სამეულში მოხვდა.
რეიტინგი ბერძნულმა გამოცემა novasports-მა შეადგინა. ქართველის გარდა სამეულში მოხვდნენ სალონიკის „არისის“ ესპანელი ნახევარმცველი, ხავიერ მატილას („იანინას“ კარში) და პირეოსის „ოლიმპიაკოსისა“ და საბერძნეთის ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, კონსტანტინოს ფორტუნისი (აეკ-ის კარში).
ნინუას „პანაიტოლიკოსის“ კარში გატანილი ჯარიმა დაუფასეს. ეს მატჩი საბერძნეთის სუპერლიგის საშემოდგომო ეტაპზე, 2020 წლის პირველ ნოემბერს გაიმართა.
„ჭკვიანური გასროლა – საჯარიმოს მარცხენა მხარეს დანიშნული ჯარიმა მემარჯვენე დამრტყმელისთვის იყო მოსახერხებელი, მაგრამ ნინუა სხვაგვარად ფიქრობდა. როგორც ჩანს, მეკარე ბურთს მარჯვენა კუთხეში ელოდა და საბედისწერო ნაბიჯი გადადგა, ნინუამ კი საპირისპირო კუთხეში დაურტყა“, – წერს ბერძნული გამოცემა.