ნინუა ტრავმირებულია, რასაც განვიცდით - ქეცბაიამ ქართველების უთამაშებლობაზე ილაპარაკა #1TVSPORT
„ანორთოსისის“ მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ კვიპროსის ჩემპიონატის მე-9 ტურის სასინაო მატჩში „პაფოსთან“ შეხვედრა შეაფასა, რომელშიც მისმა გუნდმა მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა – 1:0.
„ვულოცავ ფეხბურთელებს, რომლებმაც მძიმე კვირის შემდეგ მიზანს მიაღწიეს. ორი გამარჯვება „ომონიასთან“ და „პაფოსთან“ მახარებს, თანაც გოლი არ გავუშვით. როცა არ ვუშვებთ, ვიმარჯვებთ. ჩვენ გვაქვს რეზერვში მატჩი, ანუ სამი ქულა, რომელიც სატურნირო ცხრილში დაგვაწინაურებს. კმაყოფილი ვარ შედეგით იმის გათვალისწინებით, თუ რა გზა გამოვიარეთ. ჩემპიონატში ზედიზედ მეორე გამარჯვება მოვიპოვეთ და იმედია, იგივე სულისკვეთებით გავაგრძელებთ. ახლა ფეხბურთელები 2 დღე დაისვენებენ, რადგან გადაღლილები არიან“, – ამბობს თემურ ქეცბაია.
„ანტონის პაპადოპულოს არენაზე“ გამართულ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში არ იყო გიორგი ლორია. თემურ ქეცბაიამ კომენტარი მასზეც გააკეთა:
„ლორია მთელი კვირა ჩვენთან არ იყო, არ ვარჯიშობდა, რადგან მისი ბავშვი ავადმყოფობდა. გადავწყვიტეთ, ამჯერადაც კარში ჟური დაგვეყენებინა, რომელმაც წარმატებით ითამაშა. მიხარია, რომ ჩვენ ორი ღირსეული მეკარე გვყავს“.
„პაფოსთან“ მატჩში ქართველებიდან განაცხადშიც მხოლოდ ნიკა ნინუა არ ყოფილა. ფამაგუსტელთა მწვრთნელმა ამის მიზეზიც განმარტა:
„ნინუას დასჭირდა დრო, რომ გუნდს შეგუებოდა. სათამაშოდ 10 წუთიც რომ მოგცე, შენ რაღაც უნდა აჩვენო. მას კუნთებთან დაკავშირებული პრობლემა აქვს. ამის გამო ჩვენც ვწუხვართ და თავადაც განიცდის“.
„პაფოსთან“ მოგებით თემურ ქეცბაიას გუნდმა 12 ქულა დააგროვა და მეხუთე ადგილზე დაწინაურდა, ერთი მატჩიც თადარიგში აქვს და მოგებით ქართული სამეულის „აპოელს“ (13) გადაასწრებს.