#ტაიმაუტი | ნინო სალუქვაძე - ჩემი გუნდის წევრებთან ერთად შემოდგომით სრული დატვირთვით ვვარჯიშობდი და არ გავჩერებულვართ
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტს“ ოლიმპიური ჩემპიონი და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე სტუმრობდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ტყვიით სროლაში დღეს კიდევ არის ლიცენზიის მოპოვების რეალური შანსი, მთავარია სალიცენზიო შეჯიბრებები ჩატარდეს.
მან ოლიმპიური თამაშებისთვის მზადებაზეც ისაუბრა: „მე, ჩემი გუნდის წევრებთან ერთად შემოდგომით სრული დატვირთვით ვვარჯიშობდი და არ გავჩერებულვართ, რადგან პანდემიის მიუხედავად ჩვენს მეტოქეებს არათუ ვარჯიშის გეგმა, არამედ მზადების ტემპიც კი არ შეუცვლიათ“, – განაცხადა ნინო სალუქვაძემ.
„2020 წელს იმდენად სრულყოფილად ვიყავით მზად, რომ საგზურის მოპოვება გარდაუვალი იყო. ლიზი კილაძე იყო სრულყოფილად მომზადებული, ცოტნე მაჭავარიანს კი ჰქონდა პრობლემები, მაგრამ ესეც იმ ფაქტმა განაპირობა, რომ მამაკაცების საშეჯიბრო წესებში ცვლილებები შეიტანეს, მაგრამ შანსი მაინც იყო.
ჩვენ ჩვენს კონკურენტებთან თანაბარ პირობებში ვერანაირად ვერ ვიქნებით, რადგან ჩვენ ჩვენი სავარჯიშო ბაზა არ გაგვაჩნია. არაერთხელ მითქვამს და ყოველთვის ვიტყვი, რომ ქვეყანას, რომლის წარმომადგენელიც რვა ოლიმპიადის მონაწილეა და მეცხრესთვის ემზადება, საწვრთნელი ბაზა უნდა ჰქონდეს. ჩვენ არ ვითხოვთ, რომ ეს იყოს სუპერ თანამედროვე, მთავარია იყოს სრულფასოვნად ვარჯიშის სრული პირობები.
ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე იმედს გამოთქვამს, რომ აპრილიდან ეს შეზღუდვები სრულად მოიხსნება და სალიცენზიო ტურნირები გაგრძელდება.
„შიდა შეჯიბრებებს ვატარებთ, მაგრამ საერთაშორისო გამოცდილება მაინც სულ სხვა არის, რადგან ძალიან რთულია ასე შიდა ტურნირიდან პირდაპირ ოლიმპიადაზე გამოხვიდე.
დღეს სამხრეთ კორეა გვთავაზობს, რომ მსოფლიო თასის გათამაშებაზე წავიდეთ, მაგრამ რეგულაციის გამო პირობები იმდენად რთულია, რომ ძალიან ძნელია 12 დღიან კარანტინში იყო და არ ივარჯიშო, ეს გამორიცხულია და იქ წასვლასაც აზრი არ აქვს“, – ისაუბრა ნინო სალუქვაძემ გადაცემა „ტაიმაუტში“.
მან ასევე აღნიშნა, რომ მთავარია ოლიმპიადამდე მინიმუმ 2-3 შეჯიბრი მაინც ჩატარდეს.