#ტაიმაუტი | ნინო სალუქვაძე - არც ერთ ქვეყანაში ოლიმპიური გუნდის წევრებს ვარჯიში არ შეუწყვეტიათ, ჩვენთან უკვე ერთი წელია, ეს შეუძლებელია
„საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელებისგან ყოველდღიურად და ყოველწამიერად ვიღებთ ინფორმაცის რეგულაციების შესახებ. მე, როგორც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ვეყრდნობი ოფიციალურ მონაცემს და ვამბობ, რომ ოლიმპიადა აუცილებლად ჩატარდება“, – ეს განცხადება გადაცემა „ტაიმაუტში“ სტუმრობისას ნინო სალუქვაძემ გააკეთა.
„საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელებისთვის უპირველესა სპორტსმენების ჯანმრთელობის მდგომარეობა და მჯერა, ვაქცინაცია იქნება ის პირობა, რომ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს წარმომადგენლები თავდაჯერებულები გამოვიდნენ.
ფსიქოლოგი დღეს ყველა ოლიმპიელთან მუშაობს და დარწმუნებული ვარ, ის ფსიქოლოგიური პრობლემები რაც რეგულაციებმა შექმნა, მოგვარებადია. მთავარია ვარჯიშის უფლება მოგვეცეს. ძალიან ბევრი სახეობის წარმომადგენელი უბრალოდ ვარჯიშსაც ვერ ახერხებს, მაგალითისთვის სალომე ფაჟავა მინდა დავასახელო, რომელსაც რეგულაციებიდან გამომდინარე წვრთნის ელემენტარული პირობებიც კი არ აქვს.
არცერთ ქვეყანაში ოლიმპიურ გუნდის წევრებს ვარჯიში არ შეუწყვეტიათ, ისინი რეგულაციების დაცვით სრულად ემზადებოდნენ, ჩვენთან კი უკვე ერთი წელია ეს შეუძლებელია.
მე მაინც მჯერა, რომ ყველა ეს პრობლემა მოგვარდება და ოლიმპიადაზე ღირსეულად ვიასპარეზებთ.
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე არ იქნება დღესასწაული, რადგან მაყურებლის და ემოციის გარეშე ასპარეზობა ძალიან რთულია, მაგრამ ეს ოლიმპიადა აუცილებლად უნდა ჩატარდეს.
რაც შეეხება პირადად მოლოდინს, ჩემზე ძალიან არავის უნდა მოგება და მეც ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი კარიერის რიგით მეცხრე ოლიმპიურ თამაშებზე საუკეთესო შედეგი დავაფიქსირო“, – ამბობს ოლიმპიური ჩემპიონი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე.